იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ალბათ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკსაც დააბრალებენ რუსულ გავლენებს და „რუსულად“ შეაფასებენ მის გამონათქვამს, რომლის მიხედვითაც „მამაკაცი არის მამაკაცი და ქალი არის ქალი“. ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„მიმდინარეობს კამპანია და საკითხის ისე წარმოჩენა, თითქოს რა საჭიროა ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებზე მსჯელობა საქართველოში, 21-ე საუკუნეა, ვინ გვახვევს თავს ასეთ იდეოლოგიას - თითქოს საქართველო განყენებულია. ალბათ ამასაც დაარქმევენ, რომ თურმე ესეც რუსული კანონია.
მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ბრიტანეთის პრემიერს, რიში სუნაკს მოუწია საჯაროდ დაფიქსირება, რომ „ჩვენ არ უნდა დაგვამუნათონ და არ უნდა დაგვაჯერონ, რომ ადამიანს შეუძლია იყოს ნებისმიერი სქესის წარმომადგენელი, რომელსაც ის მოისურვებს. მას ეს არ შეუძლია. მამაკაცი არის მამაკაცი და ქალი არის ქალი. ეს უბრალოდ საღი აზრია“.
ალბათ რიში სუნაკსაც დააბრალებენ რუსულ გავლენებს და მის ამ გამონათქვამსაც ალბათ „რუსულად“ შეაფასებენ“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.