ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს დელეგაციისა და PACE-ს სოციალური საკითხების, ჯანდაცვის და მდგრადი განვითარების კომიტეტის წევრმა ეკა სეფაშვილმა კომიტეტის შეხვედრაზე წარადგინა ანგარიშის პროექტი „ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი: რეიკიავიკის დეკლარაციის განხორციელება”.
ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი ევროპის ერთ-ერთი მრავალმხრივი განვითარების ბანკია, რომელიც ფოკუსირებულია სოციალურ განზომილებაზე და მიზნად ისახავს სოციალური ერთიანობის ხელშეწყობას. ბანკი ფინანსურად დამოუკიდებელია.
ამჟამად მისი წევრია 43 ქვეყანა. საქართველო ბანკის წევრია 2007 წლის 10 იანვრიდან. 2022 წლის ბოლოს ბანკში გაწევრიანდა უკრაინა. უკრაინის გაწევრიანების შემდეგ საჭირო გახდა ბანკის კაპიტალის გაზრდა და ბანკის ოპერაციების გაფართოება. შესაბამისად, შემუშავდა 2023-2027 წლის „სტრატეგიული ჩარჩო“, რომლის ფარგლებშიც ბანკი იმოქმედებს.
რეიკიავიკის სამიტზე, რომელიც 2023 წლის 16-17 მაისს გაიმართა, ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა აღნიშნეს, რომ ბანკს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს უკრაინის რეკონსტრუქციაში. წევრმა ქვეყნებმა მოუწოდეს ბანკს, ფოკუსირება მოახდინოს კლიმატის ცვლილებით და გარემოს დეგრადაციის შედეგად გამოწვეულ სოციალურ საკითხებზე.
ეკა სეფაშვილის ანგარიში ბოლო ორი წლის განმავლობაში ბანკის საქმიანობას მიმოიხილავს. ანგარიშში ხაზგასმულია ის გამოწვევები, რომელიც რეიკიავიკის დეკლარაციის აღსრულებას ახლავს თან. ასევე, წარმოდგენილია გეგმა, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს ბანკი ამ მიზნების მისაღწევად. ანგარიშის შემდგომი დახვეწის და დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით ეკა სეფაშვილი ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.