გია ცაგარეიშვილი: ნებისმიერი უხეში ჩარევა საქართველოს სუვერენიტეტში, უფლებამოსილებებში, ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში არის მიუღებელი და დაუშვებელი

გია ცაგარეიშვილი: ნებისმიერი უხეში ჩარევა საქართველოს სუვერენიტეტში, უფლებამოსილებებში, ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში არის მიუღებელი და დაუშვებელი

ნებისმიერი უხეში ჩარევა საქართველოს სუვერენიტეტში, უფლებამოსილებებში, ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში არის მიუღებელი და დაუშვებელი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

წამყვანის შეკითხვაზე, თუ ნახა საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადება, სადაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს 9 ნაბიჯთან დაკავშირებით ერთად იმუშაონ და რას აკეთებს ამ შემთხვევაში ხელისუფლება და რას აკეთებს ოპოზიცია, დეპუტატმა აღნიშნა, რომ უმრავლესობა მოლაპარაკებებისა და კონსულტაციებისთვის ღიაა.

„ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის, კონსულტაციებისთვის, ურთიერთობისთვის. ეს ურთიერთობა გაგრძელდება მომავალშიც [ევროკავშირის] აქაურ წარმომადგენლებთანაც, ბრიუსელსა და სტრასბურგში ნებისმიერ კოლეგასთან. უამრავი დელეგაცია ჩადის ბრიუსელსა და სტრასბურგში, არის მუდმივი საუბრები, კონსულტაციები. რა თქმა უნდა არის სიძნელეები. ამას არავინ უარყოფს. მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებითაც. ჩვენ გვაქვს რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები. ესეც არ იმალება. ამაზე ღიად ვსაუბრობთ. მიგვაჩნია და ეს ასეა, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს სამშობლო, სუვერენული ქვეყანა, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული, ამიტომ ნებისმიერი უხეში ჩარევა საქართველოს სუვერენიტეტში, უფლებამოსილებებში, ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში არის მიუღებელი და დაუშვებელი. მათ [ევროკავშირის წარმომადგენლებს] ცოტა განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ, რომელსაც მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად საფუძველი არ აქვს. არგუმენტებს ვერ ვხედავთ ჩვენ და ამ უარგუმენტო განცხადებებზე მათ შორის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. არ განვმეორდები, რაც ბატონმა კობახიძემ აღნიშნა, მაგრამ მან კონკრეტულად თქვა, რომ უარგუმენტო მოსაზრებები არის მიუღებელი. მოლაპარაკება დაწყებულია გაწევრიანების თაობაზე, კანდიდატის სტატუსი ერთია, მაგრამ ჩვენ ახლა ვართ ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე. ეს არის ძალიან რთულად გასავლელი გზა და ჩვენ გვინდა, რომ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ერთად გავიაროთ ეს გზა. ეს ყველას ქვეყანაა, ყველას საქართველოა და ამ გზაზე უზარმაზარი ბარიერების შექმნა, წინააღმდეგობების გაწევა, ნიშნის მოგებით საუბარი, მუდმივად იმაზე საუბარი, რომ თითქოს ჩვენ სანქციებს თავს ვარიდებთ და ამაზე საუბრობენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩემი კოლეგები, ეს არის სამარცხვინო და საზარელი ამბავი. მტკიცებულებების გარეშე პოლიტიკური ჭორაობა დამაზიანებელია ქვეყნის მომავლისთვის, თუ ამას ვერ გაიგებენ ადამიანები [ოპოზიციის წარმომადგენლები], მათ აუცილებლად გააგებინებენ საქართველოს მოქალაქეები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.