გამომძიებელი ჟურნალისტი ხრისტო გროზევი: თუ „ეფესბე“ ტერაქტის ორგანიზატორად „ისლამურ სახელმწიფოს“ დაასახელებს, დიდი ალბათობით, ეს ნამდვილად ასეა

გამომძიებელი ჟურნალისტი ხრისტო გროზევი: თუ „ეფესბე“ ტერაქტის ორგანიზატორად „ისლამურ სახელმწიფოს“ დაასახელებს, დიდი ალბათობით, ეს ნამდვილად ასეა

გამომძიებელი ჟურნალისტის, ხრისტო გროზევის თქმით, თუ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (ეფესბე) ტერაქტის ორგანიზატორად „ისლამურ სახელმწიფოს“ დაასახელებს, დიდი ალბათობით, ეს ნამდვილად ასეა.

„დაახლოებით ორი კვირის წინ ამერიკულმა მხარემ გააფრთხილა რუსული სპეცსამსახურები იმის თაობაზე, რომ მათ მოიპოვეს გარკვეული მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთში მზადდება თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანური დაჯგუფების მხრიდან. ვიცით, რომ რუსულმა მხარემ ამ ინფორმაციას არასაკმარისად კონკრეტული უწოდა. ამის შემდეგ რუსეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დააკავეს. შესაბამისად, „ეფესბემ“ ჩათვალა, რომ მათ იციან, ვისი დაკავებაა საჭირო და მათ ეს ადამიანები დააკავეს. ახლა უნდა დაველოდოთ იმას, თუ რა ვერსიებს დაასახელებს ოფიციალური გამოძიება. თუ დაიწყება საუბარი „ისლამური სახელმწიფოს“ კვალზე, დიდი ალბათობით, ეს ნამდვილად ასეა. თუმცა, ჩვენ უკვე ერთი წელია ვხედავთ, რომ რუსული „გრუ“ წვრთნის ავღანელ ახალგაზრდებს. თუ ოფიციალური გამოძიება დაასახელებს უკრაინულ კვალს, მაშინ ყველაფერი უფრო რთულად იქნება. „ეფესბეს“ ექნება უფრო მეტი მოტივაცია, შექმნას ყალბი კვალი. ამის ერთ-ერთი მოტივია - შეიქმნას პირობები საყოველთაო მობილიზაციისთვის. ახლა უნდა დაველოდოთ, როგორი იქნება გამოძიების მთავარი ვერსია“, - აღნიშნა ხრისტო გროზევმა.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა - დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ეფესბე) ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაღუპულთა რაოდენობა 40-ს, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღემატება.