ლევან ბერძენიშვილი: ,,სტალინის ძეგლს სადმე ჩრდილში მოვუძებნით ადგილს” (Video)

ლევან ბერძენიშვილი: ,,სტალინის ძეგლს სადმე ჩრდილში მოვუძებნით ადგილს” (Video)

სტალინის ძეგლს სადმე წყნარ ადგილზე, ჩრდილში მოეძებნება ადგილი. ეს განცხადება პარლამენტარმა ლევან ბერძენიშვილმა Qartli.gE-ს 7 ნოემბერს გორში ყოფნისას განუცხადა. მისი თქმით, ის ადგილი, სადაც მთავარი მოედნიდან აღებული ძეგლის ,,გადადგმის” სამუშაოები იყო დაწყებული, კვლავაც შეუფერებელია.

,,ახლა სადაც დგამენ, მაგას ჯობია, სადაც თავიდან იდგა, ისევ იქ დადგან. ფაქტობრივად, ისინი მუზეუმსაც კი ითრევენ პროპაგანდის ნაწილში, იმიტომ, რომ ძეგლი, სახლი, მუზეუმი ერთად – კულტის საგნად იქცევა.” – თქვა ბერძენიშვილმა.

ამჟამად, მუზეუმის ტერიტორიაზე ძეგლის გადადგმის სამუშაოები შეჩერებულია, ხოლო ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან რაიმე სამუშაოების საწარმოებლად თანხის გამოყოფა შეწყვეტილია.

ლევან ბერძენიშვილი გორში კულტურის სამინისტროსთან არსებული იმ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმყოფებოდა, რომელიც სტალინის სახლმუზეუმის რეექსპოზიციის მიმართულებით შეიქმნა. კულტურის მინისტრის ბრძანებით იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმის რეექსპოზიციის სამუშაო ჯგუფში შედიან: ლევან ბერძენიშვილი, რისმაგ გორდეზიანი, ლაშა ბაქრაძე, ლაშა ბუღაძე, ჯანა ჯავახიშვილი, პაატა ქურდაძე, ინგა ქარაია და მაკა ბურჭულაძე. კულტურის მინისტრის მრჩევლის ინგა ქარაიას თქმით, სამუშაო ჯგუფს ჯერ-ჯერობით რეექსპოზიციის კონცეფცია ჩამოყალიბებული არა აქვს:

,,ამ ეტაპზე, სულ რამდენიმე შეხვედრა შედგა. კონსულტაციების და რეკომენდაციების შემდეგ ჩამოყალიბებული იქნება ის კონცეფცია, რომლითაც შემდგომში მუზეუმის ექსპოზიცია იქნება დამყარებული” – გვითხრა მინისტრის მრჩეველმა.

სამუშაო ჯგუფის წევრმა ლაშა ბაქრაძემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ ის მომხრეა მუზეუმში არსებული მდგომარეობა შენარჩუნდეს: ,,ჩემი აზრია და იმედი მაქვს სამუშაო ჯგუფის წევრებიც ამას გაიზიარებენ, რომ მუზეუმის ეს ექსპოზიცია, როგორიც დღეს არის, უნდა შენარჩუნდეს. უბრალოდ შესაძლებელია, რომ გაფართოვდეს ინფორმაცია სტალინთან დაკავშირებით. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ იყოს სტალინიზმის, ანტისტალინიზმის ან ტოტალიტარიზმის მუზეუმი. არამედ სტალინის მუზეუმი უნდა დარჩეს. თუ ჩემს აზრს გაითვალისწინებს საზოგადოება, ეს მუზეუმი არა მარტო გორისათვის, არამედ დანარჩენი სამყაროსთვის იქნება განუმეორებელი მუზეუმი, სადაც ადამიანი მიიღებს სრულყოფილ ინფორმაციას სტალინის შესახებ და, რასაკვირველია, სტალინიდან გამომდინარე, იმ პერიოდის საბჭოთა კავშირის შესახებ.” – გვითხრა ლაშა ბაქრაძემ.

პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილიც თვლის, რომ არსებულ მდგომარეობას ხელი არ უნდა ეხლოს: ,,ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ ამავე სივრცეში შევქმნათ ახალი მასალა, რომელიც იქნება დომინანტური, თავისი თანამედროვე მოწოდებით, დაფინანსებით და სხვ. რომლითაც გამოჩნდება დამოკიდებულება სტალინის მიმართ. ყველას უნდა შემოესვლებოდეს მუზეუმში, იმასაც ვინც აქ მოდის, როგორც საკულტო ნაგებობასთან და იმასაც, ვისაც ისტორია აინტერესებს და იმასაც, ვისაც სიმართლე აინტერესებს. სიმართლე ცალმხრივი არ არის. ის სიმართლე, რომ თითქოს სტალინი იყო კეთილისმყოფელი, ეს არის სიმართლე, რომელსაც მსოფლიოში ჰყავს 5 მილიარდი მოწინააღმდეგე, მაგრამ, რა თქმა უნდა, 2 მილიარდი მომხრეც ეყოლება” – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

რაც შეეხება ძეგლის და მუზეუმის შერწყმას, ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ ეს საკითხი მის კომპეტენციას სცილდება. ლევან ბერძენიშვილს კი ამ მიმართულებით გამოკვეთილი პოზიცია გააჩნია, რომელსაც რეკომენდაციის სახით Qartli.ge-ს მეშვეობით აცხადებს:

,,ჩვენ ამ საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ მრჩევლები ვართ და ჩვენც შეგვიძლია ვურჩიოთ, რომ ძეგლი უნდა იყოს მუზეუმის ნაწილში და უნდა იყოს, როგორც ექსპონანტი. იმ ადგილს, სადაც ამჟამად მუშაობენ დასადგმელად, რა თქმა უნდა, არ ვურჩევდით, არც პედესტალს. ვურჩევდით სხვა ადგილს. იმ შესანიშნავ პერსპექტივას, რაც აქვს მუზეუმს და ძველ სახლს, ძეგლი ფარავს და მთელი ეს ტერიტორია შეიძლება კულტის საგნად იქცეს. ეს მხოლოდ ჩვენი რჩევა იქნება, დანარჩენი იმ ხალხის გადასაწყვეტია, ვის ხელშიც ძეგლია. მე უბრალოდ შევახსენებ ყველას კანონს, რომელსაც თავისუფლების ქარტია ჰქვია. ეს კანონი არა თუ იწონებს, არამედ კრძალავს ასეთი ძეგლების დადგმას. თუ იქნება ძეგლი, როგორც ექსპონანტი მუზეუმის ტერიტორიაზე, ეს წინააღმდეგობაში არ მოვა. თუ ქალაქი დგამს ძეგლს მუზეუმის გარეთ, ეს რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში მოვა თავისუფლების ქარტიასთან. ჩვენი რეკომენდაციით, ძეგლისთვის სადმე წყნარი ადგილი, ჩრდილი მოიძებნება, სადაც როგორც ექსპონანტი პედესტალის გარეშე დაიდგმება. ეს იქნება მუზეუმის ტერიტორიაზე ან დახურულ სივრცეში, ან მის გარეთ, ოღონდ აუცილებლად მუზეუმის ტერიტორიაზე” – გვითხრა ლევან ბერძენიშვილმა.

სამუშაო ჯგუფი ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს და კონცეფციის მიღების შემდეგ, როგორც მინისტრის მრჩეველმა ინგა ქარაიამ გვითხრა, სამინისტრო მას ოფიციალურ სახეს მისცემს.

სტალინის ძეგლი 2010 წლის ივნისში ქალაქის მთავარი მოედნიდან სპეცნაზით გაძლიერებულიდ დაცვის ქვეშ აიღეს. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივნისის განკარგულებით, რომელსაც ხელს ,,ნაციონალური მოძრაობის” გორის ორგანიზაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ზვიად ხმალაძე აწერს, წერია, რომ ძეგლი გადაადგილეს მუზეუმის ტერიტორიაზე. იხ. ამ თემაზე აქ: მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, ცოტა ხანში, კულტურის მაშინდელი მინისტრი ნიკა რურუა მუზეუმში ყოფნისას ჩავწერეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ძეგლი არც მუზეუმის ტერიტორიაზე დაიდგმება. 2012 წლის 2 ნოემბერს გორელი მოქალაქის შალვა ტლაშაძის ინიციატივით ქალაქში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. 1900-იანი ხელმოწერა საკრებულოში პეტიციის სახით შევიდა. 2012 წლის 20 დეკემბერს საკრებულოს ბიუროზე, რომელსაც ზვიად ხმალაძე ხელმძღვანელობდა, მუზეუმის ტერიტორიაზე ძეგლის დადგმისთვის 25 ათასი ლარი ჩაიდო
. 2012 წლის 21 დეკემბერს კი ზვიად ხმალაძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა. ამის შემდეგ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა კოალიცია ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერი ადგილობრივი ხელისუფლების სტალინის ძეგლის აღდგენაში დაადანაშაულეს.