თავისუფალ მიმოსვლასა და პირდაპირ ფრენებზე საუბრისას აშშ-ის ელჩმა თქვა, რომ გააქტიურდება მუშაობა, თავად მას აქვს სურვილი, ეს პრობლემატიკა მალევე მოიხსნას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოვიდა.
მათიკაშვილის თქმით, რობინ დანიგანმა კომიტეტზე დეპუტატების კითხვებს გულწრფელად უპასუხა.
„მე პირადად, მაინტერესებდა, სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში რამდენად პერსპექტიულად ეჩვენება მას ჩვენი მოქალაქეებისთვის შეერთებულ შტატებში უვიზო მიმოსვლის დაწესება. ასევე პირდაპირი ფრენები და თავისუფალი ვაჭრობის ურთიერთობები, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან და ჩინეთთან. სამწუხაროდ, მას აშშ-ს ეს არ აქვს საქარათველოსთან, მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან.
ქალბატონმა ელჩმა ბრძანა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არის საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესი, თუმცა თუ არ იქნება გლობალურად, მყისიერად მიღებული ასეთი გადაწყვეტილება, გარკვეულად, სექტორულად შესაძლებელია, ცალკეულ სექტორებზე მოხდეს ამ პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება.
თუმცა რაც შეეხება თავისუფალ მიმოსვლას და პირდაპირ ფრენებს, მან თქვა, რომ ამ კუთხით გააქტიურდება მუშაობა და რომ ვიზის მიღებაზე შეფერხებები კოვიდპანდემიისგან იყო გამოწვეული და თვითონ მას აქვს სურვილი, ეს პრობლემატიკა მალევე მოიხსნას. იყო სხვადასხვა სახის კითხვები. სამწუხაროდ, დრო იყო საკმაოდ ცოტა. ყველაფრის კითხვა ვერ მოვასწარით, შესაბამისად, სასურველი იქნება ელჩთან კიდევ უფრო დეტალურად საუბარი ცალკეულ საკითხებზე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.