ამას ვის ეუბნებიან, საქართველოს მოსახლეობას, რომელიც 30 წელია ამ ბრძოლაშია?! რამე ახალია, რომ რუსეთი ცდილობს ჩაერიოს საქართველოს პოლიტიკაში?! - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას Sky News-თან ინტერვიუში.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ასეთი განცხადებებით ცდილობენ იმის წარმოჩენას, თითქოს არჩევნებში მხოლოდ რუსეთს სურს ჩაერიოს და ამით ადუნებენ ქართველი საზოგადოების ყურადღებას სხვა მიმართულებებით.
„რაც შეეხება ზოგადად არჩევნებში ჩარევის საკითხს, რა თქმა უნდა, ეს რისკები არის. ჩვენ ვართ ძალიან რთულ რეგიონში და რთულ დროს. ინტერესები საქართველოს მიმართ არის სხვადასხვა მხრიდან. ამაზე სხვათა შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თავის ყოველწლიურ ანგარიშში დახურულ ფორმატში ისაუბრა. ოპოზიცია დიდად არ იყო წარმოდგენილი, თუმცა ვინც იყო, მოისმინეს კიდევაც თუ რა საფრთხეებია და რა მცდელობები და ფაქტებია აღკვეთილი ამ მხრივ. ჩარევები ქართულ პოლიტიკაში არის რა თქმა უნდა რუსეთიდან. რუსეთი ცდილობს, მაგრამ არა მხოლოდ რუსეთი. პრობლემა არის მაშინ, როდესაც ასეთი განცხადებებით ცდილობენ იმის წარმოჩენას, თითქოს ჩარევის ერთადერთი წყარო არის რუსეთი და ამით ადუნებენ ჩვენს ყურადღებას სხვა მიმართულებებით. ამას ვის ეუბნებიან, საქართველოს მოსახლეობას, რომელიც 30 წელია ამ ბრძოლაშია?! რამე ახალია, რომ რუსეთი ცდილობს ჩაერიოს საქართველოს პოლიტიკაში? ნებისმიერი ჩარევა არჩევნებში არის საქართველოს მოსახლეობის ინტერესის წინააღმდეგ, მნიშვნელობა არ აქვს საიდან არის ეს ჩარევა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოქტომბერში საქართველოში მნიშვნელოვანი არჩევნებია და „ვიცით, საქართველოზე ბევრად ძლიერი ქვეყნების გამოცდილება, როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და ჰიბრიდული ომის გაჩაღება“.