რაც უფრო მეტი ინფორმაცია მჟღავნდება ვხედავთ, რომ ოპოზიციურ პარტიებს ყალბი NGO-ების მეშვეობით შექმნილი აქვთ სქემა იმისთვის, რომ უკანონო შემოწირულებები მიიღონ. საუბარი გვაქვს უცხოეთიდან დაფინანსებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი ფინანსდება საზღვარგარეთიდან. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელი, ეს უცხოეთიდან საქართველოს არჩევნებში ჩარების ტოლფასია. უცხოეთიდან ჩარევა არის ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც მოსალოდნელია ამ არჩევნებში. ეს საფრთხე, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა მომდინარეობს რუსეთიდან. მნიშვნელობა არ აქვს საიდან იქნება ჩარევა, ეს იქნება რუსეთიდან, ამერიკიდან თუ ევროკავშირის ტერიტორიიდან, ნებისმიერი ჩარევა არის ქართველი ხალხის არჩევანში ჩარევა და არის სწორედაც რუსული სტილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ იმ დონორებს, რომლებიც მონაწილე არიან ამ ფარული სქემის, მალავენ თავიანთ დაფინანსებებს და არიან ასეთებიო, მე ერთს დავასახელებ - „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელსაც დაფარული აქვს საკუთარი ხარჯები, არ უმჟღავნებს არც საზოგადოებას და არც ევროკავშირის მოქალაქეებს და როგორც ჩანს, პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და ერევა არჩევნებში. როგორც იცით არჩევნების სათანადოდ ჩატარება არის 9 პუნქტის ერთ-ერთი ნაწილი და აქ ჩვენ ამ პრობლემას მარტო ვერ გავუმკლავდებით. უნდა ჩაერიოს ევროკავშირი, მისი წარმომადგენლობა, ევროკომისია. „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ გახლავთ ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ინსტიტუცია, რომლის მმართველობაშიც წარმოდგენილი არიან ევროპარლამენტარები, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ კავშირში მყოფი პირები. თუკი ჩვენი საერთო ნებაა, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი და პატიოსანი, ამისთვის საჭიროა, რომ აიკრძალოს და შეწყდეს საქართველოში პარტიების პირდაპირი თუ ირიბი დაფინანსება ევროპული არხებიდან. ამიტომ ეს გახლავთ ევროკავშირის პასუხისმგებლობა. იმ შემთხვევაში, თუ არ შეწყდება ეს არხები და პარტიების დაფინანსება მოხდება, ეს დააზიანებს არცევნებს და მოხდება ცარევა ქართველი ხალხის არჩევანში“, აღნიშნა პაპუაშვილმა.