პრემიერის წარდგენა (ვიდეო)

პრემიერის წარდგენა (ვიდეო)

საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. ღარიბაშვილი თავის შემცვლელად ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურაზე მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა აბსოლუტურად ერთსულოვანი იყო , - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის პოსტზე წარდგენისას განაცხადა და ღარიბაშვილის ბიოგრაფიაზე ისაუბრა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, როდესაც თანაგუნდელებს პრემიერის კანდიდატურა გააცნო, მხოლოდ სიხარულის ოვაციები მიიღო საპასუხოდ.

"ეს არ იყო კომუნისტური ტიპის უმრავლესობა და ოვაციები. დემოკრატიულ სახელმწიფოში მოხდა კანდიდატის დემოკრატიულად შერჩევა. არც ერთი გუნდის წევრს, გარდა სასიამოვნო ოვაციებისა, არაფერი გამოუხატავს და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გუნდში აბსოლუტურად დემოკრატიული დამოკიდებულებაა; თუ იქნებოდა განსხვავებული აზრი, ამის გამოთქმის საშუალება ყველას ჰქონდა. გუნდის ერთსულოვნება ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ყველაზე დიდი წარმატება ღარიბაშვილმა შსს-ში მოახერხა, თუმცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე რთული სტრუქტურა ჩაბარდა მას.

"პოლიცია, რომელიც ძალადობდა საკუთარ საზოგადოებაზე, მკვლელობების მონაწილე იყო და ნდობა ჰქონდა დაკარგული. ერთ წელიწადში ღარიბაშვილმა მოახერხა და ევროპული ტიპის კულტურული პოლიცია მივიღეთ. ლომის წილზე უფრო დიდი წვლილი ამაში მიუძღვის ღარიბაშვილს. შემთხვევითი არ არის პრემიერის პოსტის გადაცემა ირაკლიზე, ამას იმსახურებს და დარწმუნებული ვარ, მეც და ჩემი გუნდის წევრებიც, რომ ის იქნება ღირსეული პრემიერ-მინისტრი", - განაცხადა ივანიშვილმა.