ირაკლი კობახიძე:ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა - მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად დაძლევა

ირაკლი კობახიძე:ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა - მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად დაძლევა

ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა - მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად დაძლევა, - ამის შესახებ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და საქართველოს მოსახლეობის 15% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით და თვითკმაყოფილი საკუთარი თავით, რაც ამ ორ პროცენტულ მაჩვენებელს გავანულებთ. 0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე - ეს არის ქართული ოცნება, ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო.

საქართველოს მთავრობის საქმიანობა როგორც 2024 წელს, ისე 2025-28 წლებში თავიდან ბოლომდე ამ ოცნების ახდენისკენ და ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული.

რაც შეეხება უშუალოდ სამთავრობო პროგრამას: ჩვენს მიერ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა ეფუძნება „ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამას, რომელიც, თავის დროზე, ჩემი, როგორც საარჩევნო შტაბის უფროსის, ხელმძღვანელობით დაიწერა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში იმართება საპარლამენტო არჩევნები, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მთავრობას ხელახლა უნდა გამოუცხადოს ნდობა „ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო პროგრამის საფუძველზე, ბუნებრივია, ჩვენს მიერ ახლა წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა მხოლოდ 10-თვიან პერიოდს მოიცავს.

შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტი, არსებითად, „ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამითა და 2021-24 წლების სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ბოლომდე მიყვანას ითვალისწინებს, რომლებიც უკვე ბიუჯეტის დონეზეა გაწერილი. იმავდროულად, დაიწყება მუშაობა „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო პროგრამაზე, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, 2025-28 წლების სამთავრობო პროგრამას დაედება საფუძვლად“, - აღნიშნა კობახიძემ.