პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს.
მისივე თქმით, საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა საკომიტეტო სხდომებსა და ოპოზიციასთან შეხვედრისას მოესმინა პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების სამომავლო გეგმები.
„დღეს უკვე იქნება ფინალური დღე და საბოლოოდ, პლენარულ სხდომაზე მოხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა და რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოეცხადება“, - განაცხადა კახიანმა.
დღეს პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს. პრემიერ მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას გააცნობს, რის შემდეგაც კანონმდებლების კითხვებს უპასუხებს. დებატების შემდეგ სხდომა კენჭისყრით დასრულდება. სესიამდე პრემიერ მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატები საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდნენ.