კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რა განსხვავებები არსებობს 9 რეკომენდაციის შესრულების ხედვებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ოპოზიციის მონაწილეობა ამ შეხვედრაში მნიშვნელოვანია, რადგან პოზიციების გაცვლა მოხდეს ისევ და ისევ, მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში ანალოგიურ შეხვედრას ადგილი ჰქონდა. მოცემულობაში კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რა განსხვავებები არსებობს 9 რეკომენდაციის შესრულების ხედვებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია გვქონდეს როგორც ერთიანი პოზიციები, ასევე კონსტრუქციული სამუშაო ფორმატი, თუ ამის შესაძლებლობას „ქართული ოცნება“ მოგვცემს“, - აღნიშნა აქუბარდიამ.
ხვალ პარლამენტი ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ცხრა პუნქტზე მუშაობას დაიწყებს. მხარეები ჯერ სამუშაო ფორმატზე შეთანხმდებიან. შეხვედრას უმრავლესობასთან ერთად ოპოზიცია და მესამე სექტორი უნდა დაესწროს.