სალომე ზურაბიშვილი ჩაამთავრებს თავის ვადას როგორც პრეზიდენტი, თუ რომელიმე პარტიის სიაში ჩაეწერება, ეს არ მგონია რამენაირად გლობალურად ცვლიდეს საქართველოს პოლიტიკურ სურათს,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილი უკვე კარგა ხანია არის ოპოზიციის რიგებში. მყარად არის ჩაწერილი ოპოზიციის რიგებში. კიდევ როგორ უნდა ჩაეწეროს, ეს უკვე ძალიან ტაქტიკური მნიშვნელობის საკითხია. თვითონ ოპოზიცია როგორ მოახერხებს, ჯერ ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. აქედან გადმომდინარე, სალომე ზურაბიშვილი ჩაამთავრებს თავის ვადას როგორც პრეზიდენტი, თუ რომელიმე პარტიის სიაში ჩაეწერება, ეს არ მგონია რამენაირად გლობალურად ცვლიდეს საქართველოს პოლიტიკურ სურათს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
პოლიტიკურ სპექტრში აქტიურად მსჯელობენ იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილი შესაძლოა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გახდეს. ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგიაზე „ხალხის ძალა“ საუბრობს - ამ სტრატეგიის ნაწილია „ლელო“, გახარიას პარტია და გვარამია-მელიას გაერთიანება, რომლის ლიდერიც შესაძლოა სალომე ზურაბიშვილი იყოს.