საქართველოს მთავრობამ დიდი ძალისხმევა გასწია რეფორმების კუთხით, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში და ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც მათ გააკეთეს სანქციების გვერდის ავლის პრევენციის მიმართულებით, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო'ბრაიენმა გერმანიის მარშალის ფონდის ანალიტიკურ ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საქართველოს წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ელოდება. ძლიერად ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, რომელთანაც მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, და ასევე ვიმუშავებთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ არჩევნებმა კარგად ჩაიარა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის 85%-ზე მეტი რეფორმების გატარებასა და ევროკავშირში შესვლას უჭერს მხარს. საქართველოს მთავრობამ დიდი ძალისხმევა გასწია რეფორმების კუთხით, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში. ვაფასებთ იმას, რაც მათ გააკეთეს სანქციების გვერდის ავლის პრევენციის მიმართულებით. ვფიქრობ, შეგვიძლია გვქონდეს დიდი ოპტიმიზმი, რომ საქართველო ამ მხრივ მნიშვნველოვანი კონტრიბუტორი იქნება“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.