საქართველოს არასამთავრობო სექტორის მხრიდან ახლა იწყება შემდგომი ეტაპებისთვის ერთგვარი კამპანიის წამოწყება, თუ რამდენად ჩამორჩება ჩვენი ქვეყანა უკრაინას და მოლდოვას და როგორ არ ვიმსახურებთ შემდგომ ეტაპებზე გადასვლას ევროკავშირთან ურთიერთობებში, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ საკმაოდ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხოლმე რეიტინგებს, შეფასებებს, რომელიც ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით ვრცელდება. არის შეფასებები, რომლებიც ეფუძნება ძალიან კონკრეტულ მონაცემებს, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. ამ შემთხვევაში ეს არის შეფასებები, რომლებიც კეთდება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან და ძირითადად ეფუძნება მათ მოსაზრებებს და ეს არის კონტრიბუცია, რომელიც ჩვენს არასამთავრობო სექტორს შეაქვს საქართველოს ევროპული მომავლის დაზიანებაში. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ევროკავშირისთვის - მე არ დავაკნინებდი შეფასებებს. როდესაც ევროკავშირი აფასებს ქვეყანას, ის იღებს ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან. პირველი წყარო არის ხელისუფლება, მთავრობის უწყებები, რომლებიც ოფიციალურად წარადგენენ ამა თუ იმ სფეროში განხორციელებული თუ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას. არსებობს სხვა წყაროებიც - საელჩოები და ასევე არსებობს არასამთავრობო სექტორიც, რომელიც გარკვეულწილად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. სამწუხაროდ, ბოლო 2 წლის განმავლობაში ეს აშკარად გამოჩნდა და მე შემიძლია შევაფასო ქართული, უკრაინული და მოლდოვური არასამთავრობო სექტორის ქმედებები. მაშინ როდესაც სამივე ქვეყანამ განაცხადი გავაკეთეთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ძალიან აშკარა იყო არასამთავრობო სექტორის მხრიდან ამ საკითხის ლობირება უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში. მოლდოვის არასამთავრობო სექტორი ძალიან ხშირად უფრო ხმამაღალი იყო მოლდოვის რეკლამირების მხრივ, თუ რას აკეთებდა მოლდოვა და რატომ იმსახურებდა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, კანდიდატის სტატუსს და ასე შემდეგ. ასევე ხდებოდა უკრაინის შემთხვევაშიც. როდესაც იყო განხილვები ბრიუსელში თუ სხვა დედაქალაქებში, არასამთავრობო სექტორიდან გზავნილი იყო აბსოლუტურად იდენტური, თუ უფრო ძლიერი არა, რაც მიდიოდა სამთავრობო სექტორიდან. საქართველოს შემთხვევაში, ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, თუ როგორი განცხადებები კეთდებოდა და რას ემსახურებოდა მათი შეფასებები. უმეტესი ნაწილი იყენებდა თავიანთ კონტაქტებსა და შესაძლებლობებს, რომ წვლილი შეეტანათ ამ პროცესის დაზიანებასა და შეფერხებაში. ესეც ერთგვარი გაგრძელებაა - ეს იყო კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, ახლა ჩვენ შევედით ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ პროცესში და ეს მხოლოდ დასაწყისია გაწევრიანების პროცესის და ასევე მნიშვნელოვანია შემდეგ ეტაპებზე გადასვლა. ახლა ხდება შემდგომი ეტაპებისთვის ერთგვარი კამპანიის წამოწყება, თუ რამდენად ჩამორჩება საქართველო უკრაინას და მოლდოვას და როგორ არ ვიმსახურებთ შემდგომ ეტაპებზე გადასვლას ევროკავშირთან ურთიერთობებში“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.