მთელი კამპანია ოპოზიციამ იმაზე ააგო, რომ ჩვენ ვერ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, ამ დროს ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სიმშვიდე ქვეყანაში, გავაორმაგეთ ნომინალური ეკონომიკა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება.
„ხდება პარტია „ნაცმოძრაობის“ პროცენტული მაჩვენებლის ხელოვნურად შემცირება. ამით აიხსნება მაგალითად, რომ ხაბეიშვილი არის დღეს პარტიის თუნდაც ფორმალური თავმჯდომარე. ამით აიხსნება ის, რომ ტელევიზიებში სხვაგვარად გადაანაწილეს რესურსები. მაგალითად “ტვ პირველი“ თითქმის მთლიანად წაიღო „ლელომ“, ასევე მთავარში გაყოფილია რესურსი „ნაცმოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის, „ფორმულა“ მთლიანად კეზერაშვილია და ა.შ, ანუ რესურსების გადანაწილების მცდელობა აშკარად ჩანს. ამოცანა რა არის, რომ თუ ცოტა ქვემოთ დაიწევს კიდე „ნაცმოძრაობა“ შეიძლება 5% ზემოთ ამოიწიოს სხვა „ნაცმოძრაობამ“, როგორიც არის მაგალითად „ლელო“ ან „ლელოსთან“ ერთად შექმნილი გაერთიანება. ეს არის რეალურად გეგმა, რასაც ვხედავთ, საზოგადოება დააკვირდება ამ ყველაფერს. ერთადერთი მაქსიმუმი რაც შეიძლება შეძლონ არის ის, რომ „ნაცმოძრაობა“ თუ აიღებს 15%-ს მესამე სუბიექტმა ფსევდო შუაშისტურმა „ნაციონალურმა“ სუბიექტმა შეიძლება მოახერხოს 5%-იანი ბარიერის გადალახვა, მაგრამ ასეც და ისეც მათ არავითარი შანსი არ აქვთ. რეალურად დღევანდელი კონფიგურაცია ისეთია, რომ ჩვენ შეგვიძლია საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ პარლამენტში. კვლევა ჩატარდა მას შემდეგ რაც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ბოლო მონაცემებით ჩვენ გვქონდა 59 % ალოკაციით. ასეთ პირობებში ჩვენ შეგვიძლია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაც კი და თუნდაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ორი პარტია რომ ავიღოთ, აიღებს 30-35 მანდატს. ეს არის დღევანდელი სურათი. დაახლოებით 9 თვეა დარჩენილი, არ არის ეს მცირე დრო. ჩვენ მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით დღევანდელ მაჩვენებელს და უფრო მეტიც ვეცდებით კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ დღევანდელი მაჩვენებელი, დანარჩენს საზოგადოება გადაწყვეტს. დღევანდელი მოცემულობით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პოზიცია იმისთვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ჩავტოვოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ 35 მანდატს ქვემოთ. ვიღაცებს უკვირთ, როგორ შეიძლება მესამე არჩევნებია და მმართველ ძალას ჰქონდეს 60%. მთელი კამპანია ოპოზიციამ იმაზე ააგო, რომ ჩვენ ვერ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, ამ დროს ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სიმშვიდე ქვეყანაში, გავაორმაგეთ ნომინალური ეკონომიკა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. როდესაც მთელ შენ კამპანიას ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ და ბოლოს შედეგად იღებ ამ სურათს, იქ 60 % აბსოლუტურად ლოგიკურია, “ - განაცხადა კობახიძემ.