ალექსანდრე ჩივაძე „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე: აქ ქართული ფეხბურთის უდიდესი ვარსკვლავები თამაშობდნენ და ვარჯიშობდნენ, ამიტომ ქართველებისთვის ეს ხელშეუხებელი უნდა იყოს

ალექსანდრე ჩივაძე „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე: აქ ქართული ფეხბურთის უდიდესი ვარსკვლავები თამაშობდნენ და ვარჯიშობდნენ, ამიტომ ქართველებისთვის ეს ხელშეუხებელი უნდა იყოს

„დინამოს“ საწვრთნელი ბაზა ქართული ფეხბურთის მუზეუმად უნდა იყოს და ხელი არ უნდა ვახლოთ, - ამის შესახებ ვეტერანმა ფეხბურთელმა, ალექსანდრე ჩივაძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო კომენტარში განაცხადა. ამით ის რომან ფიფიას იდეას გამოეხმაურა.

„აქ ქართული ფეხბურთის უდიდესი ვარსკვლავები თამაშობდნენ და ვარჯიშობდნენ, ამიტომ ქართველებისთვის ეს ხელშეუხებელი უნდა იყოს. არ ვიცი, ვის მოუვიდა ეს თავში აზრად, რომ ეს ბაზა უნდა დაინგრეს. ამ ბაზაზე ველით, რომ კიდევ ახალი თაობა გაიზრდება“, - აღნიშნა ჩივაძემ.

„დინამო თბილისის“ პრეზიდენტი რომან ფიფია ბაზისთვის ადგილის შეცვლას გეგმავს, ისტორიული ბაზის ადგილას კი, შესაძლოა უნივერსიტეტის პატარა ქალაქი აშენდეს. ისტორიული საწვრთნელი ბაზის დანგრევის იდეას გაუგებარი და მიუღებელი უწოდა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძემ განმარტა, რომ მისი მერობის პერიოდში, „დინამოს“ ბაზის დანგრევის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ.