თინა ხიდაშელი, რბილად რომ ვთქვათ, გასულია ტაივანელ დონორებზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„მე უბრალოდ ძალიან მიკვირს - შენ რომ დაზუსტებით იცი, რომ ეს ინფორმაცია ღია და საჯარო გახდება, და ამ დღეებში გაალმასებით გამოდიხარ ჩინეთთან ურთიერთობის წინააღმდეგ, ამას ხომ საზოგადოება შეიტყობს და ეს ხომ ნათელი გახდება? ჩვენ ვიცით, რომ ტაივანი არის არაღიარებული, მათ შორის საქართველოს არასოდეს აღიარებს ტაივანის დამოუკიდებლობას, ჩვენ ვემხრობით ერთი ჩინეთის პრინციპს“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტების ნაწილი, რომელიც ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ეწინააღმდეგება, ტაივანიდან ფინანსდება. მათ შორის ასახელებენ თინა ხიდაშელს. მათივე შეფასებით, ის რომ ხიდაშელის ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ არაღიარებული ქვეყნიდან - ტაივანიდან ფინანსდება, თავდაცვის ყოფილი მინისტრი კი ჩინეთის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, პოლიტიკური კორუფციის ნიშნების შემცველია. ხიდაშელი „ქრონიკის“ ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს.