მიხეილ სარჯველაძე ფონდ „ქართუს“ წინააღმდეგ მედიაში გასულ სიუჟეტებს ეხმაურება. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აქცენტს ამ მედიასაშუალებების პოლიტიკურ პარტიებთან კავშირზე აკეთებს.
„ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფით განწყობას განაპირობებს ერთადერთი ფაქტორი - ის ბრუტალური ძალების ხელისუფლებაში დაბრუნების წინაღობაა. რა თქმა უნდა, ამ ბრუტალურ ძალებს ივანიშვილი არ ეყვარებათ. და არა იმის გამო, რომ, მაგალითად, ქველმოქმედებას უწუნებენ ან რაღაც სხვა მიზეზი აქვთ, რომ აკრიტიკონ. არავითარი მიზეზი არ აქვთ და თხზავენ ამ მიზეზებს. აქედან გამომდინარე, ხომ უნდა მოიფიქრონ რაღაც, რითაც გაამართლებენ თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას და გადაფარავენ იმას, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ამ კაცმა ბევრი ჩვენი ეროვნული ფასეულობა და საგანძური გადაარჩინა. ამ სამსახურში დგას რამდენიმე მედიასაშუალება, რომელიც არის პირდაპირ პარტიული მედიასაშუალება“, - აცხადებს სარჯველაძე.
ფონდმა „ქართუმ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ბოლო დღეებში რამდენიმე ტელეკომპანიამ, რომელთა ზურგს უკან მარტივად ამოიცნობა კონკრეტული პოლიტიკური ძალები, გაშალეს შავი პიარის ერთიანი ფრონტი ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ წინააღმდეგ“.