ჩინეთთან კარგი პარტნიორული, რაც შეიძლება სიღრმისეული ურთიერთობების ქონა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ამაში ჩადებულია უზარმაზარი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ პროცესები საქართველოსთვის ხელსაყრელად წარიმართოს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„საქართველოს მთავარი სასიცოცხლო ინტერესი გახლავთ ის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა ყველა სუბიექტის მხრიდან საერთაშორისო მასშტაბით არსებობდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამავდროულად, ჩინეთთან კარგი პარტნიორული, რაც შეიძლება სიღრმისეული ურთიერთობების ქონა არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ამაში ჩადებულია უზარმაზარი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ პროცესები ხელსაყრელად წარიმართოს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი ტიპის აქტივობა, თანამშრომლობა, რომელიც არ არის თავსებადი ამ პრიორიტეტებთან, კატეგორიულად მიუღებელია, მით უმეტეს, ამ ყველაფრის უკან როცა დგას კონკრეტული მიკერძოებული ინტერესი. ამ შემთხვევაში იგულისხმება ტაივანის მხრიდან დაფინანსება“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტების ნაწილი, რომელიც ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ეწინააღმდეგება, ტაივანიდან ფინანსდება. მათ შორის ასახელებენ თინა ხიდაშელს. მათივე შეფასებით, ის რომ ხიდაშელის ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ არაღიარებული ქვეყნიდან - ტაივანიდან ფინანსდება, თავდაცვის ყოფილი მინისტრი კი ჩინეთის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, პოლიტიკური კორუფციის ნიშნების შემცველია. ხიდაშელი „ქრონიკის“ ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს.