ეს ხელმოცარულები, იმისთვის, რომ დააკნინონ ქართული ინტერესები, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლების როლი განვითარების ამ გზაზე, ყველაფერს კადრულობენ, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ჩინეთთან დაახლოების პროცესთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას.
„ბოდიში, მაგრამ ქალბატონი ხიდაშელი როდის იყო ჩინეთის მიმართულებით ექსპერტი? ან რა იცის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებების შესახებ. სინამდვილეში იცის, რომ ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აგური, რომ საქართველოს როლი, დერეფანი, რომელიც გვაქვს, გამოკვეთილი იყოს. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ტაივანური ფონდიდან ფინანსდებიან. ეს აღმაშფოთებელია“, - აღნიშნა ზარქუამ.
რატომ აკრიტიკებს ოპოზიცია საქართველოს ჩინეთთან დაახლოების პროცესს? - მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ ოპონენტების ნაწილი ტაივანიდან ფინანსდება. მათ შორის ასახელებენ თინა ხიდაშელს. მასთან დაკავშირებას „ქრონიკა“ უკვე მეორე დღეა უშედეგოდ ცდილობს. კომენტარს არ აკეთებს არც დავით უსუფაშვილი, რომელიც პარტია „ლელოს“ წარმოადგენს. სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, ოპოზიციის საქმიანობაში ღიად იკვეთება პოლიტიკური კორუფციის ნიშნები.