ჩვენ ამით ნამდვილად ვერ შეგვაშინებენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ბაჩო დოლიძემ „ქრონიკას“ ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„რაც ზუგდიდში მოხდა, თუ ვინმეს ხელი ურევია, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მას ნამდვილად ეკისრება, სამი ჩვენი თანამებრძოლის ჩამოშორებაზე. საკრებულოს აპარატში მუშაობდნენ ეს ადამიანები და ფიქრობენ, რომ თუ იქ აღარ იმუშავებენ, ნაკლებად იქნებიან ბრძოლაში. არ ჭრის ეგ მეთოდები. ჩვენ ამით ნამდვილად ვერ შეგვაშინებენ“, - აღნიშნა დოლიძემ.
ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების ყოფილი თანაშემწე მაია კუკავა პარლამენტარ ანა წითლიძეს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. როგორც მაია კუკავა სოციალურ ქსელში წერს, როდესაც ხაბეიშვილი მოვიდა ენმ-ს თავმჯდომარედ, დაიწყო დაკითხვები და მუქარები, რაც მისთვის დამამცირებელი აღმოჩნდა.