ჩვენს მოსაზრებას ორი შემადგენელი ნაწილი აქვს: პირველი, ეს არის ხელისუფლების სიძლიერე და მეორე ეს არის ოპოზიციის სისუსტე. ასე, რომ ამ ორი კომპონენტისგან შედგება ჩვენი დამაიმედებელი პროგნოზი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკასთან“ საარჩევნო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებზე, რომლებმაც არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამაჯერებლად გამარჯვების საკითხზე ეჭვი გამოთქვეს.
„დღეს ხელისუფლება არის ძლიერი, წელში გამართული, ხელისუფლება გასაგები ენით მეტყველებს და ესაუბრება პირველ რიგში, საზოგადოებას. პირუკუ უნდა შევხედოთ ოპოზიციის დღევანდელ მდგომარეობას. დღეს ოპოზიცია არის ძალიან სუსტი. იგი გაუგებარი ენით ესაუბრება თავის ამომრჩეველს. ამას არ აქვს ნათლად ჩამოყალიბებული მიზნები. მას არ გააჩნია ძლიერი საარჩევნო სტრუქტურა. იგი დაქსაქსული და ურთიერთ გადაკიდებულია. რაც მთავარია, მას არ გააჩნია მაკონსოლიდირებელი იდეა, რომლის გარშემოც შეიძლება ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, ლიდერები გაერთიანდნენ და ამ გაერთიანებით კონსოლიდირება მოახდინონ ოპოზიციურად განწყობილი საარჩევნო ხმების“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ მინიმუმ, 60%-ს აიღებდა. „ჩვენ არჩევნებზე არ ვნერვიულობთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ვემზადებით, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი“, - აღნიშნა პრემიერმა.