მოსახლეობას წელსაც არჩევანი ექნება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, სხვადასხვას დანაყოფების სახით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.
„ოპოზიციამ თავი უნდა დაანებოს „ქართული ოცნების“ ხარჯზე მანდატების მიღებას. ეს მათ შეძლეს 2020 წელს, როდესაც ერთპროცენტიანი ბარიერი დაწესდა და სამადლოდ მიიღეს ის მანდატები, რომლებიც აქვთ და დაკმაყოფილდნენ ამ მანდატებით. იყო დრო, ოთხი წელი, რომელიც მათ უნდა გამოეყენებინათ, შანსი მიეცა პატარა პარტიებს, მოსახლეობისთვის ეჩვენებინათ, რომ მათი დღის წესრიგი განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგისგან. სხვა მეტი დატვირთვა იმ ერთპროცენტიან ბარიერს მეტი არ ჰქონია. ეს იყო მთავარი დატვირთვა, მათ შორის მთავარი რეკომენდაცია ჩვენი უცხოელი კოლეგებისგან, რომ აი, ხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დომინირებვს ოპოზიციურ ფლანგზე. იქნებ, მისცეთ შანსი პატარა პარტიებს, ისინი არ ჩანანან, გამოაჩინონ თავისი თავი და აჩვენონ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა არსებობს სხვა ოპოზიციური პარტიაც. ოთხი წელი გავიდა და რას ვხედავთ. ჩართეთ პარლამენტის ნებისმიერი სახდომა, ნახეთ ოპოზიციის ნებისმიერი ბრიფინგი, „ნაციონალური მოძრაობა არითმეტიკულად გადანაწილებული სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში. ეს არის, საბოლოო ჯამში, მათი პარლამენტში ოთხწლიანი მუშაობის შედეგი, რომ ისევ დარჩნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ. არიან იმ პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, რაც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. ამიტომ წელსაც მოსახლეობას არჩევანი ექნება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, სხვადასხვას დანაყოფების სახით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ფასი და ღირებულება აქვს პლურალიზმს, მრავალფეროვნებას.
„ჩვენ დღეს პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული მოვლენაა და 11 ფრაქცია-პოლიტიკური ჯგუფი გვაქვს, სინამდვილეში ეს არ არის მრავალფეროვნება ჩვენს პარლამენტში. ეს არის არითმეტიკული მრავალფეროვნება, რომ რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი არის ოპოზიციაში. სინამდვილეში, ეს არის ერთი ფლანგი, „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჯობია და უფრო კეთილსინდისიერები იქნებიან ისინი, რომ გამოვიდნენ ერთიანი სიით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, რაც გაკეთეს კიდეც. დღეს ამ დაშლილებში ვინ არიან, რომ შეხედოთ, „რესპუბლიკური პარტია“ ვისი სიით შემოვიდა პარლამენტში, ახლა რომ ვითომ ცალკე არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ სიით შემოვიდა. შეხედეთ შიგნით რა ხალხია. ის ხალხი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში იყო, დღეს „ლელოს“ სახელით გველეპარაკება, ზოგი „რესპუბლიკეების“ სახელით, ზოგი ვისი და ზოგი – ვისი სახელით. ამიტომ თავი დაანებონ საქართველოს მოსახლეობისთცვის თვალში ნაცრის შეყრას, დაარქვან ყველაფერს თავისი სახელი, დადგნენ პატიოსნად, „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ჩაეწერონ და გამოვიდნენ არჩევნებზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.