ბედის ირონიაა, როცა ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყანა აინიცირებს ასეთ კანონებს, მათ შორის ევროკავშირი აინიცირებს ზუსტად იმავე სულისკვეთებისა და შინაარსის კანონპროექტს, რომელიც საქართველოში იყო დაინიცირებული და ამას არქმევს დემოკრატიის დაცვის აქტს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რომელიც ევროკომისიის მიერ წარდგენილ „დემოკრატიის დაცვის პაკეტს“ ეხებოდა.
„არსებობს ასეთი ლათინური გამოთქმა, რომელიც ქართულად ასე ჟღერს, რომ ის რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ხანდახან ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, ზოგიერთი ორგანიზაცია და ქვეყანაც კი თავის თავს აღიქვამს იუპიტერად, ქართველ ხალხს კი აღიქვამს ხარად. ბედის ირონიაა, როცა ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყანა აინიცირებს ასეთ კანონებს, მათ შორის ევროკავშირი აინიცირებს ზუსტად იმავე სულისკვეთებისა და შინაარსის კანონპროექტს, რომელიც საქართველოში იყო დაინიცირებული და ამას არქმევს დემოკრატიის დაცვის აქტს. ზუსტად ამ თემებზე ვსაუბრობდით ჩვენ და ზუსტად ის არის ევროკავშირის მოტივაცია, რა მოტივაციაც გვქონდა ჩვენ, რომ ყველა ქვეყანა და ორგანიზაცია მოქმედებს საკუთარი ინტერესებით. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ინტერესები ჩანდეს, როცა მათი ფინანსები სხვა ქვეყანაში შემოდის. არაერთი უცხო ქვეყანა და ორგანიზაცია საქართველოს ინტერესებით არ მოქმედებს. ის მოქმედებს საკუთარი ინტერესით. ამიტომ უნდა იყოს ეს საჯარო და ხელმისაწვდომი, რომ მოსახლეობამ იცოდეს, ვისი დაფინანსებით მოქმედებენ და ვის ინტერესებს ლობირებენ ესა თუ ის ორგანიზაციები. ახლა ვხედავთ ამაზე ცივილიზებულ დისკუსიას, რომელიც ნამდვილად საჭიროა, თუმცა ჩვენთან მაშინ, ზუსტად უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების ლიდერობით, პარლამენტს ცეცხლი წაუკიდეს, პოლიციელს ცეცხლი წაუკიდეს, ამტვრევდნენ მანქანებს ევროპისა და დემოკრატიის სახელით.
სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს რამდენიმე მულტიმილიონერი „ენჯეო“, რომლებიც მოქმედებენ არა საქართველოს ინტერესებით, არამედ თავისი დამფინანსებლის ინტერესებით. მაგალითად, ზოგიერთი ქვეყნის ინტერესია, რომ საქართველომ დაუწესოს სანქციები რუსეთს. ქართველი ხალხის ინტერესი არ არის, რომ საქართველომ დაუწესოს სანქციები რუსეთს. ვის ინტერესებს იცავენ მულტიმილიონერი „ენჯეოები“? თავისი დამფინანსებლების ინტერესებს, რომლებიც ამას ამბობენ.
ზოგიერთი ჯგუფის, მათ შორის უცხოური პოლიტიკური ჯგუფების ინტერესი იყო, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. ქართველი ხალხის ინტერესია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ვის ინტერესს ატარებდნენ მულტიმილიონერი „ენჯეოები“ იმით, რომ არწმუნებდნენ ჩვენს პარტნიორებს, რომ ან გადაედოთ გადაწყვეტილება, ან ისე მოეცათ სტატუსი, რომ ეს ყოფილიყო ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტი?
მესამე - ზოგიერთი ქვეყნის ინტერესია, რომ საქართველოს მოქალაქეებს დაუწესონ სანქციები მტკიცებულებების გარეშე. ქართველი ხალხის ინტერესია, რომ კანონის უზენაესობა იყოს დაცული და სანქციების დაწესება არ მოხდეს მტკიცებულებების გარეშე. ვის მხარეს დადგნენ მულტიმილიონერი „ენჯეოები“? საკუთარი დამფინანსებლების მხარეს დადგნენ.
ყველა ასეთ გარემოებაში მულტიმილიონერი „ენჯეოები“, რომლებიც სახელს უტეხენ საერთო ჯამში სამოქალაქო სექტორს, ამტკიცებენ, რომ არიან არა საქართველოს, არამედ საკუთარი დამფინანსებლების ერთგულნი. პატრიოტიზმი არაა სამართლებრივი განზომილება, ეს მორალური პასუხისმგებლობაა. მათ მორალური არჩევანი გაკეთებული აქვთ, რომ არიან საკუთარი დამფინანსებლების ინტერესების ლობისტები. პრობლემა არც ესაა, ერთადერთი, რასაც მაშინ ვითხოვდით და რასაც ახლა ითხოვს ევროკავშირი, არის ის, რომ ეს ყველაფერი იყოს გამჭვირვალე.
დაველოდებით, როდის მიიღებენ ევროკავშირში ამ ინიციატივას და შემდეგ, მე მგონია, რომ აქეთ მოგვთხოვენ მივიღოთ ამ დირექტივის შესაბამისი აქტი. მაშინ კი ნამდვილად ირონიულად ჩაგვეცინება, როდესაც ეს თემა შემობრუნდება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ევროკომისიამ დემოკრატიის დაცვის პაკეტი წარადგინა, რომელიც შეიცავს ისეთ მოთხოვნას, როგორიცაა გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრაცია იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ინტერესებს წარმოადგენენ მესამე ქვეყნის სახელით.