საქართველო არ უნდა იყოს მძევალი პოლიტიკური დისკუსიისა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება, არსებობდეს, არამედ საქართველოს მიმართ გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ დამსახურებით და არა ვიღაცის ჯინაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა
„რაც შეეხება ოპოზიციის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ შესაძლოა, რომელიმე ქვეყანამ იმის გამო, რომ უნგრეთს შესაძლოა, ჰქონდეს კრიტიკული დამოკიდებულება რაღაც საკითხის მიმართ, ამის საპასუხოდ, საქართველოს საკითხი დაბლოკონ – არ ვიცი, რა წარმოდგენა აქვს ამ ოპოზიციას ევროპაზე, ევროპულ ღირებულებებზე. ჩვენი და ევროკავშირის საერთო ევროპული ღირებულება არ გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს სხვის ჯინაზე. ეს კამათი, ან დისკუსია, რომელიც ევროკავშირში არის, არაა ახალი დისკუსია და ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით.
მიუხედავად იმისა, ეს დისკუსია საით მიდის და როგორია, ამან ხელი არ უნდა შეუშალოს არცერთ ქვეყანას, რომ მიიღოს დამსახურებაზე დაყრდნობით გადაწყვეტილება. საქართველო არ უნდა იყოს მძევალი პოლიტიკური დისკუსიისა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება, არსებობდეს. საქართველოს მიმართ გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ დამსახურებით და არა ვიღაცის ჯინაზე. ჩვენ გვაქვს ევროპული კომისიის დასკვნა და რეკომენდაცია. ჩვენი მოლოდინია, რომ თუკი გადაწყვეტილება დამსახურებაზე დაყრდნობით უნდა იყოს მიღებული, მაშინ საქართველოს მიმართ იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება. მე სხვა მოლოდინი არ მაქვს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
8 ნომებერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, 15 დეკემბერს მიიღებენ.