რადიკალურ ოპოზიციას უნდა, რომ საქართველოს პოზიტიურ სვლას, რთულ, ძნელ და ეკლიან გზაზე, მაგრამ მაინც პოზიტიურ სვლას კიდევ უფრო შეუშალონ ხელი და ლობისტებს საქართველოს დასანქცირებას უკვეთავენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, რომ „ნაცმოძრაობამ“ აიყვანა ლობისტები, რათა საქართველო დასანქცირებულიყო. ეს ფაქტია, ჩემი შეფასება კი არ არის. „ფარას“ მიხედვით, გამოქვეყნდა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის საიტზე მტკიცებულება ლობისტების დაქირავების შესახებ, სადაც „ნაცმოძრაობა“ უკვეთდა პირდაპირ, რომ დასანქცირებულიყო საქართველო. მათ უნდათ, რომ ევროინტეგრაციას, საქართველოს პოზიტიურ სვლას, რთულ, ძნელ და ეკლიან გზაზე, მაგრამ მაინც პოზიტიურ სვლას კიდევ უფრო შეუშალონ ხელი და უკვეთავენ ლობისტებს საქართველოს დასანქცირებას. როდესაც მამუკა ხაზარაძე ამერიკაში დადის და ამის შემდეგ აკეთებს ქვეცნობიერიდან წამოსულ განცხადებას, რომ სანქციები უნდა დაუწესდეთ საქართველოს მოქალაქეებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პოზიტიურ გზაზე ფეხი უნდათ დაგიდონ და რამენაირად წაგაქციონ. საბედნიეროდ არ ვიქცევით, ეს არის ძალიან კარგი. მამუკა ხაზარაძეს გავახსენებ, რომ მისი ვერსია, რითაც პოზიციონირდა პოლიტიკაში, საზოგადოების წინაში იცით რა იყო?! ჩემს მეგობარ წერეთელს დავურეკეო და 17 მილიონი ვთხოვეო, მომცაო და წლების მერე გავიგე, რომ ეს 17 მილიონი თურმე იმ დღეს ჩემი ბანკიდან ჰქონია გამოტანილიო. ამ კაცის ნამოქმედარზე ზედმეტი კომენტარები მგონია, რომ ცოტა უხერხულობაც კი იქნება“, - აღნიშნა მდინარაძემ.
„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მას არ სურს „იხილოს ვინმე დასანქცირებული, მაგრამ როცა ლაპარაკია ჩვენი ქვეყნის ინტერესზე და ეროვნულ ინტერესზე, იქ ყველა მეთოდი მისასალმებელია, იმიტომ რომ საუბარია ჩვენს მომავალზე“.