აშშ-მა „ჰამასისა“ და ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამის შესახებ Reuters-ი აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტზე დაყრდნობით იტყობინება.
სანქციები შეეხო ირანში „ჰამასის“ წარმომადგენელს, იორდანიის მოქალაქე ჰალედ ქადუმის, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რამდენიმე წევრს, და „ღაზის სექტორში მოქმედი ორგანიზაცია, რომლის საშუალებითაც „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ირანიდან უკანონო დაფინანსებას იღებდნენ“.
სასანქციო პაკეტში ასევე მოხვდა ღაზაში მოქმედი საქველმოქმედო ასოციაცია „ალ-ანსარი“ და მისი დირექტორი ნასერ ალ-შეიხ ალი. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ცნობით, „ალ-ანსარი“ ტერორისტების დავერბოვკებით იყო დაკავებული.
სანქციები ასევე შეეხო სუდანურ კომპანიებს Zawaya Group for Development and Investment Co. LTD და Larrycom for Investment Company, ესპანურ კომპანიას Zawaya Group for Development Investment Sociedad Limitada, რომლებიც უკვე სანქცირებულ სუდანელ ბიზნესმენს, აბდელ ბასიტ ჰაზმა ალ-ჰასან მუჰამედ ჰეირს ეკუთვნის.
გარდა ამისა, აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის სამ მოქალაქეს, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება „ჰამასთან“ დაკავშირებულ კომპანია Trend GYO-ს.