აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მხარს არ ვუჭერთ ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც „ჰამასს“ დასვენებისა და ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული ოპერაციის გაგრძელების საშუალებას მისცემს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მხარს არ ვუჭერთ ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც „ჰამასს“ დასვენებისა და ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული ოპერაციის გაგრძელების საშუალებას მისცემს

შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც საშუალებას მისცემს „ჰამასს“ დაისვენოს, გადაიარაღდეს და ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული ოპერაციები გააგრძელოს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმების გარდა, „ჰამასი“ ყოველდღე უშვებს რაკეტებს, რომლის სამიზნე ისრაელში უდანაშაულო მოქალაქეები არიან.

„მე ვიტყოდი, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვფიქრობთ, რომ მხარეებმა უნდა განიხილონ ჰუმანიტარული პაუზები, რაც დახმარების მიწოდების საშუალებას უზრუნველყოფს. ამიტომ, ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშავეთ იმისთვის, რომ რაფაჰის გადასასვლელი გაიხსნას“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.