3 ოქტომბერს, სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში უპრეცედენტო, ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის „კალამის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე კონკურსში გამარჯვებული მსჯავრდებულები დასახელდნენ. გამარჯვებულებს სიგელები, სიმბოლური პრიზები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. კონკურსის შედეგად 6 გამარჯვებული - სამი საუკეთესო პროზაული და ამდენივე პოეტური ნაწარმოების ავტორი გამოვლინდა.
აღსანიშნავია, რომ ჟიურის წევრები, ფარული კენჭისყრით, სწორედ მსჯავრდებულებმა აირჩიეს. მათი გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულების შემოქმედება დავით ტურაშვილმა, რატი ამაღლობელმა და თეონა დოლენჯაშვილმა შეაფასეს. კონკურსის დახურვის დღესვე, მსჯავრდებულებს შესაძლებლობა მიეცათ ჟიურის წევრებისთვის პირადად გაეცნოთ საკუთარი შემოქმედება.
ლიტერატურული კონკურსის დასკვნით ეტაპზე გამართული ღონისძიება ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა „სუხიშვილებმა“ დახურა და მსჯავრდებულებისთვის 40 - წუთიანი პროგრამა წარადგინა.
დაჯილდოვების ცერემონიალს ორგანიზატორებთან და ჟიურის წევრებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამინისტროების პირველი პირები და 1500 მსჯავრდებული დაესწრო. ჯილდოები გამარჯვებულ ავტორების ოჯახის წევრებს მსახიობებმა ზურა ყიფშიძემ და ნინო ხომასურიძემ გადასცეს.
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიტივმა“, სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან ერთად, 25 ივლისიდან, სასჯელაღსრულების 18 დაწესებულებაში დაიწყო. პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაც. 4-თვიანი პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა: პირველ ეტაპზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებების სოციალურმა მუშაკებმა, ამ პროექტის შესახებ, მსჯავრდებულებს ინფორმაცია მიაწოდეს. მეორე ეტაპზე, პროექტში ჩართული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა პატიმრებს გააცნეს სპეციალურ კითხვარები, სადაც დასახელებული იყო 10 თანამედროვე საუკეთესო მწერალი და პოეტი, რომელთაგან სამი ავტორი კონკურსში მონაწილე მსჯავრდებულებს უნდა დაესახელებინათ. კონკურსის ჟიურიში სწორედ ის თანამედროვე ხელოვანები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. მესამე ეტაპზე, ჟიურიმ, საკონკურსოდ შემოსული 150 - მდე ნაწარმოებიდან, საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოებები გამოავლინა.
დაგეგნილია გამარჯვებული ავტორების ნაწარმოებების წიგნად გამოცემა, რასაც საგამომცემლო სახლი „საუნჯე“ უზრუნველყოფს. წიგნის გამოცემის შემდეგ, მას ფართო საზოგადოების წინაშე წარადგენენ.
სამინისტროს გადაწყვეტილებით, კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება. პროექტის მიზანი მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა.