გიორგი აბაშიშვილი: მე ვერ დავინახე ვერანაირი რისკი იმისა, რომ საბანკო სექტორს რაიმე ტიპის საფრთხე ექმნებოდეს

გიორგი აბაშიშვილი: მე ვერ დავინახე ვერანაირი რისკი იმისა, რომ საბანკო სექტორს რაიმე ტიპის საფრთხე ექმნებოდეს

მე ვერ დავინახე ვერანაირი რისკი იმისა, რომ საბანკო სექტორს რაიმე ტიპის საფრთხე ექმნებოდეს, - ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

„ვიდრე ზოგადად ამ თემას შევაფასებდეთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ზედმიწევნით იცავდა და იცავს საერთაშორისო სანქციებს და აქვს უამრავი წარმატების მაგალითი ამ კუთხით, ისევე როგორც არ ყოფილა არცერთი კითხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან. მე ვერ დავინახე მხოლოდ ცალკეული შემთხვევის გამო მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის მხრიდან განმარტებული იყო, რომ ეს იყო პირველი „ქეისი“ ზოგადად საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით. თუმცა ამავდროულად, სებ-ის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ის იმოქმედებს საერთაშორისო სანქციების შესაბამისად. ასე რომ, აქ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, გარდა აჟიოტაჟურად შექმნილი ვითარებისა, რაც ამ გაუგებრობამ და პოლიტიკურმა ინტერპრეტაციებმა განაპირობა. საქართველო არ არის რუსეთი, სადაც ერთპიროვნული განცხადებები მიიღება, ამიტომ, შესაძლოა, რაღაც დისკუსიის შემდეგ რაღაც თემა დაკორექტირდეს. აუცილებელია, რომ ყველა მხარემ შეიკავოს თავი სებ-ის პოლიტიზების მცდელობებისგან. ასევე ცალსახა სპეკულაციებია საბანკო სექტორის მდგრადობასთან დაკავშირებით - საბანკო სექტორი არის ყველაზე უფრო მდგრადი, შემდგარი, დასავლური სტანდარტებით მოქმედი სექტორი. ახლა ამ სექტორისთვის ხელის გაშვერა და პოლიტიკური კამპანიის აგორება ამ სექტორს ვერაფერს დააკლებს, თუმცა, ეს სამწუხაროა, ვინაიდან ასეთი განცხადებები საბანკო სექტორს გარკეულ რეპუტაციულ ზიანს მაინც აყენებს. მიუხედავად ამისა, მე ვერ დავინახე ვერანაირი რისკი იმისა, რომ საბანკო სექტორს რაიმე ტიპის საფრთხე ექმნებოდეს“, - აცხადებს ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი.