თავდაცვის მინისტრმა ძმათა სასაფლაო ყვავილებით შეამკო (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრმა ძმათა სასაფლაო ყვავილებით შეამკო (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ვაშლიჯვარში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების სასაფლაოზე იმყოფებოდა. მინისტრმა მებრძოლთა საფლავები ყვავილებით შეამკო და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

„ოცი წელი გავიდა უკვე. თითქოს დიდი დროა, მაგრამ როგორც გუშინდელი დღე, ისე გვახსოვს ეს დღე სოხუმში, ყველას ვინც იქ ვიყავით - ეს იყო დიდი გმირობის მაგალითი. ეს ბიჭები, ვინც აქ არიან დასაფლავებულნი, არ გაექცნენ ურიცხვ მტერს. ეს იყო შეგნებული, გააზრებული გმირობის მაგალითი. ყველამ იცოდა, რომ იქ დარჩენა ნიშნავდა იმას, რომ ისინი ცოცხლები ვერ გამოვიდოდნენ. ეს ერთ-ერთი მაგალითია ჩვენი მრავალათასწლიანი ისტორიიდან, რომელიც კიდევ ერთხელ ჩვენს სულიერ სიმტკიცეს ამყარებს. ამ ბიჭების გარდაცვალებით გამოწვეული დიდი სიცარიელე ერთადერთით შეიძლება შევავსოთ - მომავლის რწმენით. საქართველო ყოფილა დანაწევრებული, მაგრამ ყოველთვის ფეხზე დამდგარა ქართველი კაცი და გაუერთიანებია ქვეყანა. ასე მოხდება ახლაც“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

სოხუმის დაცემიდან დღეს 20 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.