გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურიის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო აკეთში, თხილის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო და მეთხილე ფერმერებს შეხვდა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ფერმერებმა, რომლებმაც მიზნობრივი პროგრამის მხარდაჭერით ისარგებლეს, გასულ წელთან შედარებით, წელს უკეთესი მოსავალი აქვთ.
,,სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ შამუგიასთან ერთად დღეს სოფელ აკეთში შევხვდით თხილის მწარმოებელ ფერმერებს თხილის შემნახველ საწარმოში. აღნიშნულ საწარმოს აქვს შესაძლებლობა, შეინახოს 1000 ტონა პროდუქცია, რაც ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას, რომ სამომავლოდ უფრო მაღალ ფასში მოახდინონ შენახული პროდუქციის რეალიზება. საწარმოს ღირებულება მთლიანად შეადგენს, დაახლოებით, ერთ მილიონ ლარს, საიდანაც სახელმწიფოს დაფინანსება გახლავთ 40 პროცენტი, ეს საწარმო შეიქმნა შეაღავათიანი აგროკრედიტის საშუალებით. მინდა მოვუწოდო ჩვენს თხილის მწარმოებელ ფერმერებს, რომ მიზნობრივად ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსებითა და შესაძლებლობებით თხილის წარმოების ხელშეწყობის თვალსაზრისით, რათა შემდგომში მივიღოთ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე", - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ.
შეხვედრას თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წევრი ფერმერები ესწრებოდნენ, რომლებმაც იმ პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რასაც სახელმწიფო მეთხილეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის ახორციელებს.
შეხვედრა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ თხილის შემნახველ საწარმოში გაიმართა, სადაც ერთდროულად 1,000 ტონამდე თხილის შენახვაა შესაძლებელი. კომპანია შპს „ჯი-ეიჩ-ჯი-ეი კომერშიალ“ სოფლის განვითარების სააგენტოს „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტის ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად, 1 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 390,000 ლარზე მეტი სახელმწიფო გრანტია, ხოლო 390,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.
ფერმერებთან შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით წითლიძე, გურიის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ,,თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე გიორგი თოდუა ესწრებოდნენ.