უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის პორტებისკენ ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე პორტებისკენ მიმავალ ყველა გემს სამხედრო ტვირთის გადამზიდავად განვიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2023 წლის 20 ივლისიდან, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან, შავ ზღვაზე უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება, როგორც სამხედრო ტვირთის პოტენციური გადამზიდავი.
„უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან შავ ზღვაში რუსეთის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო პორტების მიმართულებით მცურავი ყველა გემი უკრაინამ, შესაძლოა, განიხილოს, როგორც ყველა შესაბამისი საფრთხის შემცველი სამხედრო დანიშნულების ტვირთის გადამზიდავი“, - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ადამ ჰოჯმა განაცხადა, რომ აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთმა შესაძლოა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე მიიტანოს იერიში და ამაში უკრაინა დაადანაშაულოს.
მისი თქმით, აშშ-მა მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინულ პორტებთან დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა.