ეს ყველაფერი რომ არ გამჟღავნებულიყო, გამორიცხულია, ოპოზიციას ეღიარებინა, რომ მუშაობდნენ მაგალითად საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ეს ყველაფერი რომ არ გამჟღავნებულიყო, გამორიცხულია, რომ ეღიარებინათ [ოპოზიციას], რომ მუშაობდნენ მაგალითად საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე, ან რომ ევროპარლამენტში სააკაშვილისადმი თანაგრძნობა ლეგიტიმური ინტერესებით კი არ ყოფილა განპირობებული, არამედ ამ ყველაფერს თურმე სარჩულად უდევს კონკრეტული ლობისტური საქმიანობა, რომელშიც უზარმაზარი ფული იხარჯება. ჩემთვის ეს ყველაფერი ფარდას ხდის იმას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვითომ პათეტიკა, ვითომ დემოკრატიის მხარდაჭერა, სინამდვილეში ყოფილა აღებ-მიცემობა დაკავშირებული მხარდაჭერასთან, მერკანტილურ ინტერესებთან და ა.შ. ასევე არ აღიარებდნენ, გახსოვთ თქვენ რომ ვეუბნებოდით ხალხს, რომ ოპოზიცია დადიოდა უცხოეთში და მაგალითად ვიზალიბერალიზაციას ხელს უშლიდნენ, კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერები კულუარულად გვაწვდიდნენ ინფორმაციებს ამაზე, თუმცა როდესაც ვაჟღერებდით, ოპოზიციის მხრიდან აღშფოთება მოჰყვებოდა ხოლმე. პრემიერს ეუბნებოდნენ, გვარები დაასახელეთ, როგორ კადრულობთ ამას, როგორ გვაბრალებთო და აგერ არ დადასტურდა?! თურმე კონკრეტული პირები, კონკრეტული პოლიტიკური პარტია აფინანსებს და მუშაობენ იმაზე, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები იქნას დაწესებული. სწორი შეფასებაა, რომ ეს „კატერგეითის“ ტოლფასია. შეიძლება მასშტაბით სხვა ქვეყნებს უკავშირდება, თუმცა აქ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოსთვის უფრო დრამატული რა უნდა ამოტრიალებულიყო და გარკვეულიყო?! ალბათ სასაცილოდაც გამოიყურება დღევანდელი გადმოსახედიდან, მაგრამ ყველაფერი ამით აიხსნება, თუ რამ გააფთრა ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია იმხანად“, - განაცხადა სარჯველაძემ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.