მაკა ბოჭორიშვილი ადასტურებს, რომ უკრაინა დაინტერესებული იყო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო

მაკა ბოჭორიშვილი ადასტურებს, რომ უკრაინა დაინტერესებული იყო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო

მაკა ბოჭორიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც უკრაინა იყო დაინტერესებული იმით, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინა და ზოგი ევროპარლამენტარი ჩართულები იყვნენ საქართველოს ევროპული მომავლის საწინააღმდეგო კამპანიაში, მას როგორც ბრიუსელიდან, ასევე ევროპის სხვა დედაქალაქებიდან ჰქონდა.

„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასეთი რამ ხდებოდა, ჩვენც ნამდვილად გვქონდა და გვაქვს. მიზეზი შეიძლება სხვადასხვაგვარი ყოფილიყო. იყო მოსაზრებები, რომ როდესაც 3 სახელმწიფოს განხილვა იქნებოდა ივნისში, უკრაინისთვის უფრო რთული იქნებოდა წარმატების მიღწევა და უფრო მომგებიანი იქნებოდა, თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მხოლოდ უკრაინაზე იმსჯელებდნენ გასულ წელს.

თუმცა, დღეს შეიძლება სხვაგვარადაც ვიფიქროთ, რომ საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება უფრო იყო მიზანი ამ მოცემულობაში, ვიდრე ევროკავშირის ის გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლებოდა მიეღო უკრაინასთან დაკავშირებით და ომში მყოფი ქვეყნისთვის მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი.

რა თქმა უნდა, აქ არის სამუშაო, იმისთვის რომ მაქსიმალურად ფრთხილად, საქართველოს ინტერესების დაზიანების გარეშე ჩვენს მიზანს მივაღწიოთ. თუმცა განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს სწორედ ამ მიმართულებით, რომ დეკემბერში უკრაინული მხრიდან მსგავსი საქმიანობის პრევენცია განვახორციელოთ“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პრემიერის განცხადებას, რომ უკრაინა დაინტერესებული იყო საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი ოფიციალური კიევი გამოეხმაურა. დავით არახამია ირაკლი ღარიბაშვილს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ თუ ვინმე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს ეს დღევანდელი ხელისუფლებაა.