საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “ბიუ ბიუს“ 10 წლის იუბილეზე კომპანია “ჩირინამ” ახალი საწარმო გახსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “ბიუ ბიუს“ 10 წლის იუბილეზე კომპანია “ჩირინამ” ახალი საწარმო გახსნა

საქართველოს ბანკი პარტნიორ ბიზნესებთან ერთად ახალი და საინტერესო პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით ბრენდ „ბიუ ბიუს“ 10 წლის იუბილეზე  ქართული ქათმის ხორცის მწარმოებელმა კომპანია „ჩირინამ“ გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში ხორცპროდუქტების ახალი საწარმო გახსნა. 

„ბიუ ბიუს“ პროდუქცია ქართულ ბაზარზე 2013 წლის 7 ივლისს გამოჩნდა და 10 წლის შემდეგ ახალი საწარმოს დამატებით კომპანიის სტრატეგიული განვითარების შემდეგი ეტაპი დაიწყო. „ჩირინას“ ახალი საწარმო ხორცის დამუშავების პირველი საწარმოა საქართველოში, რომელსაც აქვს საკუთარი ნედლეულის ბაზა და ახალი, ნედლი ხორცისგან აწარმოებს ხორცპროდუქტებს. საწარმოს აქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ მომხმარებელს გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე ჯანსაღი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი შესთავაზოს. წარმოებას საკმაოდ დიდი მასშტაბი აქვს და   მისი დღიური წარმოება 8-10 ტონა პროდუქციაზეა გათვლილი“,- განაცხადა ნინო ვაშაკიძემ, „ჩირინას“ დირექტორის მოადგილემ.

ხორცპროდუქტების საწარმო 2600 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, თუმცა დამხმარე შენობებთან ერთად ის მთლიანობაში 3 ჰექტრამდე მიწის ფართობს იკავებს. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 35 მილიონი ლარია. პროექტის თანადაფინანსება საქართველოს ბანკის, EBRD-ის და სოფლის განვითარების სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის" პროგრამის ფარგლებში 10 მილიონი ლარის მოცულობის მხარდაჭერით განხორციელდა.

„საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო დონის სტანდარტებთან. შენობის დიზაინი და დაგეგმარება შემუშავებულია ავსტრიული კომპანია „Foodfab”-ის მიერ, რომელიც საპროექტო სფეროს ერთ-ერთ ლიდერად არის მიჩნეული. საწარმოს შიდა სივრცე აღჭურვილია წამყვანი ევროპული კომპანიების (Schröter, GEA, Seydelmann, Rex, Henneken, Alco, Multivac და სხვა) უახლესი ტექნოლოგიების ხელსაწყო-დანადგარებით“,- განმარტავს  ნინო ვაშაკიძე, „ჩირინას“ დირექტორის მოადგილე.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, კომპანია „ჩირინასთან“ ერთად განავახორციელოთ ახალი პროექტები. საწარმო გამორჩეულია იმით, რომ ხორცის დამუშავების პირველი საწარმოა საქართველოში, რომელსაც აქვს საკუთარი ნედლეულის ბაზა და თავად აწარმოებს ხორცპროდუქტებს. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ  ამ ეტაპზე კომპანია „ჩირინას“ დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 500 თანამშრომელი, რასაც ახალ საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა შეემატება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას, რომელიც არ ჩერდება, მუდმივად ვითარდება და საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობს ეკონომიკის გაძლიერებას“,- განაცხადა ოთარ სვანიძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, დღეისთვის „ჩირინას“ ამიერკავკასიაში მეფრინველეობის ყველაზე მასშტაბური საწარმოო კომპლექსი აქვს. მის მფლობელობაშია: სარემონტო-სადედე და ბროილერის ფერმები, კომბინირებული საკვების ქარხანა, ნედლეულის საშრობი ქარხანა, ხორცის დამუშავების საწარმო, ინკუბატორი, ცილოვანი საკვების ქარხანა, წყალგამწმენდი სადგური, ვაშლის ბაღები, ხილის სამაცივრე კომპლექსი, ვეტერინარულ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია "სანა". წარმოების თითოეული რგოლი აკრედიტირებულია ISO 22000 სტანდარტით HACCP-ის პრინციპებით.