იუსტიციის სახლში კომუნალური სერვისების დანერგვის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით დღემდე იუსტიციის სახლში 68 861 განაცხადი შევიდა. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყლის კომუნალური სერვისები იუსტიციის სახლის 117 ფილიალშია ხელმისაწვდომი.
სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ მისი გუნდი ორიენტირებულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. სწორედ ამ მიზნით მოხდა იუსტიციის სახლთან თანამშრომლობის ახალი პროექტის რეალიზება, რაც სემეკის სერვისებს ხელმისაწვდომს ხდის იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„სემეკი ორიენტირებულია, რომ ეტაპობრივად გაუმჯობესდეს მომსახურების ხარისხი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში. სემეკსა და იუსტიციის სახლის ერთობლივი ძალისხმევით დღემდე არაერთი პროექტი განხორციელდა, რომელმაც უფრო მეტად გაამარტივა კომუნალური მომსახურებების მიღება. ამჯერად, იუსტიციის სახლში გადატანილ კომუნალურ სერვისებს ახალი მომსახურება დაემატა, კერძოდ, საქართველოს მასშტაბით, სემეკში წარსადგენი განცხადებისა თუ საჩივრის ჩაბარება შესაძლებელი იქნება იუსტიციის სახლში. რა თქმა უნდა, ამავდროულად, მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია უშუალოდ სემეკსაც მომართოს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
სემეკის სერვისების იუსტიციის სახლებში შეტანამ მომხმარებლებს, რომლებსაც თავისი განაცხადების გასაკეთებლად მანამდე მხოლოდ მარეგულირებლისთვის უნდა მიემართათ, მნიშვნელოვნად გაუმარტივა სერვისების მიღება.
ერთ–ერთი მომხმარებელი, თამარი, ამბობს, რომ მისთვის საკმაოდ კომფორტულია აღნიშნული სერვისების იუსტიციის სახლებში მიღება. „ერთ სივრცეში მოსვლით რამდენიმე საქმე გავაკეთე. იუსტიციის სახლის სერვისებითაც ვისარგებლე, ვადაგასული პირადობის მოწმობა შევცვალე და ელექტროენერგიის ძველ დავალიანებასთან დაკავშირებითაც გავაკეთე განაცხადი. კარგია, როდესაც ერთ სივრცეში ამდენი მომსახურების მიღება შეგიძლია და ასეთი საცობების პირობებში არ გიწევს სხვადასხვა უწყებაში სიარული“, – ამბობს თამარი.
თავისი მიკრობიზნესისთვის ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდაზე გააკეთა განაცხადი იუსტიციის სახლში ინდმეწარმე ირაკლიმ, რომელმაც ამ სერვისის გარდა იურიდიული საკითხებიც მოაგვარა თავის საწარმოსთან დაკავშირებით.
„პირადად ჩემთვის ძალიან კარგია. ნაკლებ დროს და ენერგიას ვხარჯავ, როდესაც ერთ სივრცეშია ამდენი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი. აქ არც პარკინგის პრობლემა მაქვს და ყველაფერი, რაც მჭირდებოდა, ძალიან სწრაფად გავაკეთე“, – ამბობს ირაკლი.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ყველა კომუნალური განაცხადის ჩაბარება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ერთი ვიზიტით მიიღონ კომუნალური მომსახურება და ჩააბარონ განაცხადი კომუნალური კომპანიის სახელზე - დარეგისტრირდნენ კომუნალური კომპანიების აბონენტებად, გააფორმონ მიწოდების ხელშეკრულება, გადაამოწმონ კომუნალური დავალიანება, დააფიქსირონ მომარაგების პრობლემა, მოითხოვონ მომარაგების შეწყვეტა/აღდგენა ან/და დარიცხვის გადამოწმება, ასევე სხვა სახის განცხადებები, ახალი მომხმარებლის მიერთების/სიმძლავრის გაზრდის განაცხადის გარდა.