ნიკოლოზ სამხარაძემ იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებსაც პარლამენტის თავმჯდომარე საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში პარტნიორებთან განიხილავს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, პრიორიტეტული საკითხი 12 რეკომენდაციის შესრულებაა.
„ვიზიტის მთავარი მიზანი და ამოცანა არის, რომ ჩვენს პარტნიორებს მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ ხდება 12 რეკომენდაციის შესრულება, რა პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებით და ასევე გავაცნოთ მათ ის გამოწვევები უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში, რომელიც საქართველოს აქვს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი წარმატებული იქნება და რომ საფრანგეთი კიდევ უფრო ცხადად და მკაფიოდ დაუჭერს მხარს საქართველოსთვის პირველ რიგში კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას და ასევე სხვა საგარეო პრიორიტეტებს, რომლებიც საქართველოს აქვს“, - განაცხადა სამხარაძემ.
დღეს საფრანგეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იწყება. ყველა შეხვედრის მთავარი მიზანი 2023 წელს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და მხარდაჭერის კონსოლიდაციაა.