ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის გრანტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების" (AEO) პროგრამის ხელშეწყობა და საბაჟო ფორმალობების შესახებ ცნობადობის ამაღლება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებული გამოწვევების კვლევის (GAP ანალიზი) შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
კვლევა, შემოსავლების სამსახურის ჩართულობით, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის გრანტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი მიმდინარეობს ორი ძირითადი მიმართულებით, ესენია: „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების" (AEO) პროგრამის მუშაობის ხელშეწყობა და საბაჟო ფორმალობების შესახებ, ცნობადობის გაზრდა.
ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფცია დაფუძნებულია საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობაზე. ახალი სტატუსი კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს, კერძოდ; ავტორიზაციის მფლობელის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ, საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერებისა და დოკუმენტური შემოწმების სიხშირე, ხოლო საბაჟო გაფორმების პროცედურები პრიორიტეტული წესით შესრულდება.
შეხვედრა, რომელიც დიალოგის ფორმატში წარიმართა, ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზურაბ სიჭინავა, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, სამსონ ურიდია და უწყების სხვა სტრუქტურული ერთეულების პასუხისმგებელი პირები. ამასთან, სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძე, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, ნინო ჩოხელი და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კაჭარავა.