„ქართული ოცნების“ „დამსახურებით“, მართალია, ვიფრენთ რუსულ ჭაობში, მაგრამ ჩაიკეტება ევროპის და ამერიკის ცა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან დისტანცირებას ახდენს, რაც რუსეთის დავალებაა.
"ხდება ის, რაზეც ვაფრთხილებდით მოქალაქეებს, რომ ფრენების აღდგენა გამოიწვევდა ქართული კომპანიების შესაძლო სანქცირებას და ვნახეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადება, რომელმაც არ გამორიცხა ქართული კომპანიების სანქცირება. ეს ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნების" "დამსახურებით", მართალია, ვიფრენთ რუსულ ჭაობში, მაგრამ ჩაიკეტება ევროპის და ამერიკის ცა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი: ევროპა და ამერიკა გვინდა, თუ რუსული ჭაობი. "ქართულ ოცნებას" რუსეთისგან აქვს დავალება, რომ ევროპისგან დისტანცირება მოახდინოს საქართველოსი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო ავტომატურად მოექცევა რუსული გავლენის სფეროში. "ქართული ოცნება" პირნათლად ასრულებს პირველ დავალებას - საქართველოს დისტანცირებას პარტნიორებისგან. მეორე ამოცანა არის რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების გაზრდა და აქაც წარმატება აქვს "ოცნებას" - თუ იყო 8 პროცენტი დამოკიდებულება 2012 წელს, ახლა 30 პროცენტზე მეტია. ეს არის უთოფო, უიარაღო ოკუპაცია, "ქართულ ოცნებაში" არიან უთოფო "ბოლშევიკები", რომლებიც ებრძვიან ჩვენს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს," - განაცხადა მანჯგალაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის.
"შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ,"- განაცხადა მილერმა.