საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აქტიურად აგრძელებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კულტურული პროექტების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, ხელოვნების სასახლის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ბანკი ქართველ საზოგადოებას თამარ დე ლეტე-ვაჩნაძეს გააცნობს - ქართველ მხატვარს, რომელიც კრისტიან დიორისთვის ესკიზებს ქმნიდა.
მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე მრავალი მიმართულებით მუშაობდა, როგორც საარქივო დოკუმენტებში ვკითხულობთ, „ის „საბალეტო დადგმებს ქმნიდა“ - წერდა ამბავს, არჩევდა მუსიკას, ხატავდა სცენარებს, ქმნიდა კოსტიუმებს და ტექნიკურ დეტალებს, რომელიც სანახაობას მაყურებლისთვის დაუვიწყარს ხდიდა“.
1960-1980-იან წლებში მისი ნამუშევრების გამოფენები იმართებოდა პარიზში, „XVI უბნის გალერეაში“, პარიზის სალონ „სოფიტელ გრუპ 36-ში“, საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის ეროვნული საზოგადოების დარბაზებსა თუ ლუქსემბურგში ფრანგული კულტურის ცენტრში. ის აფორმებდა კოსტიუმებს თეატრებისთვის, ლოკრონანის ფესტივალის ფარგლებში გამართული წარმოდგენებისთვის და სხვა.
თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე ხატავდა და ქმნიდა კოსტიუმების სერიას „რეალმონტისათვის“, დეკორაციებსა და კოსტიუმების ესკიზებს ბალეტისთვის „რომეო და ჯულიეტა“, „Dyade“, სპექტაკლებისთვის „ტერფსიქორას მკვლელები“, „ნატალი და ტაქსი-ბირდი“, „გაუბედავი“, “მეფეთა ნამცხვარი“, „თქვენ მისასალმებლად“, „მედეა“, „სკაპენის ოინები“, „კალიგულა“. ასევე, დგამდა სპექტაკლებს, მათ შორის ჟან ჟიროდუს „Ondine”-ს, მუშაობდა ტესა ბომონისთვის, ჟანინ შარასთვის, კლერ მოტისთვის, ლილის ოპერისა და კომიკური ოპერისთვის. თეატრში იგი ქმნიდა ნამუშევრებს მოლიერის, სარტრის, გარსია ლორკას, კამიუს პიესების მიხედვით.
ამასთან, მხატვარმა 1980 წელს გახსნა გამოფენა, რომელიც გაზეთ ფიგაროს ყურადღების ცენტრშიც მოექცა. 1985 წელს კი მისი გამოფენები მოეწყო პარიზში, გალერეებში „მონპარნასი“, „შემოდგომის სალონი“, „მწიგნობარი“...
„საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აქტიურად აგრძელებს კულტურული პროექტების მხარდაჭერას. წელს გადავწყვიტეთ, ჩვენი ყურადღება თამარ დე ლეტე-ვაჩნაძისკენ მიგვეპყრო. იყო ქალი მხატვარი და საკუთარი კვალი დატოვო მოდისა თუ თეატრის ინდუსტრიაში - დიდი გამოწვევაა. ჩვენი ინიციატივის ფარგლებში, ვცდილობთ, გავაცოცხლოთ მივიწყებული მოგონებები, დავეხმაროთ ახალ თაობას, გაიგონ მეტი გამორჩეული ქართველების შესახებ და ერთგვარად, ერთიან კონტექსტში მოვაქციოთ ჩვენი მდიდარი კულტურული წარსული, რომელიც უკეთესი, უფრო გააზრებული და ნათელი მომავლის შექმნაში დაგვეხმარება“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
“რასაც ახლა მოვყვები, ვიცი, რომ დასაჯერებლად ძნელია, თუმცა სიმართლეა, თანაც მომხიბვლელი სიმართლე… დიახ, ქართველებს გვყავდა მხატვარი, რომელიც კრისტიან დიორის საქვეყნოდ განთქმული სამოდელო სახლისათვის შესანიშნავ ესკიზებს ხატავდა, ეს მხატვარი თამარ დე ლეტე-ვაჩნაძეა. ნოე ჟორდანიას რძალი, სან პაულოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, პარიზული შემოქმედებითი ელიტის გამორჩეული წევრი. 1960 წელს თამარმა ბრაზილიაში თანამშრომლობა დაიწყო საქვეყნოდ განთქმულ Christian Dior-ის ფირმასთან, ამის დასტურად მხატვრის არქივს 3 ესკიზი შემორჩა, ორი მათგანი ფერადია, ერთი კი კალკაზეა შესრულებული. სამწუხაროდ, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე სამშობლოსთვის, საყვარელი საქართველოსთვის დღემდე უცნობი და უსამართლოდ დავიწყებულია“,- ამბობს ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი, გიორგი კალანდია.
აღსანიშნავია, რომ ეს თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ისტორიის მხოლოდ ნაწილია. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ინიციატივის ფარგლებში, მხატვრის კიდევ უფრო უკეთ გასაცნობად არაერთი აქტივობის განხორციელება იგეგმება.
თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის შესახებ ახალი დეტალების აღმოჩენამდე, შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო: https://youtu.be/aJx_m-h90t0