მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს ხართ რუსთაველის გამზირზე, როგორც არაერთხელ ვიდექი მე თვითონ. მე ვარ ნიუ-იორკში და ჩემს უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის სიმბოლო, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა, რისთვისაც დღემდე მოვედით და მე ვარ თქვენ გვერდით, იმიტომ რომ დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს. იმ საქართველოს, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში და არავის მისცემს უფლებას, წაართვან ეს მომავალი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
„ეს მომავალი ეკუთვნის შემდეგ თაობებს, ამ მომავალს ამზადებდნენ ჩვენი წინა თაობები და ვამზადებდით ჩვენც. ამიტომ არავის აქვს უფლება, წაგართვათ თქვენი მომავალი. არავის აქვს უფლება, რომ დააგოს მახეები. ეს კანონი, რომელიც არავის სჭირდებოდა, არსაიდან არ მოდის თუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით. ეს კანონი არის გასაუქმებელი, რა ფორმითაც გინდათ - არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში. ვენეციის კომისიამ ძალიან კარგად იცის, რა ტიპის კანონია ეს. პირველივე დღიდან მე ვთქვი, რომ ამ კანონს დავადებდი ვეტოს და დავადებ ვეტოს. არ მაინტერესებს მისი მუხლობრივი განხილვა, მისი მსგავსება ძველ ამერიკულ კანონთან, რომელიც, ძალიან კარგად ვიცით, რომ სულ სხვა რამეს ემსახურება. მე მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი და ის კონსტიტუცია, რომლის გარანტი ვარ. ამ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი ვალდებულია, და პირველ რიგში მე, მაგრამ ასევე მთავრობა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს ქვეყანა მივიყვანოთ ევროკავშირამდე. დღეს ვინც ამ კანონს მხარს უჭერს, ვინც ხმა მისცა, ყველა არღვევს კონსტიტუციას და გვაშორებს ევროპისგან. მინდა მივმართო საქართველოს ელჩებს - რას წარმოადგენთ, თუ არა ამ ევროპულ მომავალს? ჩვენ ყველა ერთად: ახალგაზრდები, ვინც იქ ხართ, მე, როცა აქ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, როცა ვამბობთ იგივეს. ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა ეს უაზრო კანონი. ჩვენ ყველანი ერთად ვართ, ხვალ ერთად ვიქნებით და გავიყვანთ ქვეყანას ევროპაში. ამის პირობას გაძლევთ თქვენ, იმიტომ რომ ეს პირობა ჩემს თავს დავუდე დიდი ხნის წინ“, - აცხადებს პრეზიდენტი.