მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი მანდატურის სამსახურს, ეს დღეები არ იყო ადვილი მათთვის. კოლეგისგან ოპოზიციონერი კოლეგებისგან, აქაც ბრძანდებით, ხშირად მოგვისმენია პარლამენტის ტრიბუნიდან მადლობა პარლამენტის აპარატის მიმართ, მათი საქმიანობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არავის სიამოვნებს როდესაც გაძლიერებული უსაფრთხოების რეჟიმია, მაგრამ როდესაც ძალადობა არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული, რა თქმა უნდა, აქ საჭიროა უსაფრთხოების დაცვა.
„პარლამენტის აპარატის თანამშრომლები არიან ჩვენი მანდატურები, ამიტომ თხოვნა მექნება ყველას მიმართ, პატივი ვცეთ ჩვენი მანდატურის სამსახურს, დავემორჩილოთ მათ მითითებებს, რადგან რთული სამსახურია. მინდა, მოგიწოდოთ დაემორჩილოთ, სახელებს არ დავასახელებ, მაგრამ იყო ძალადობა მანდატურების მიმართ და კადრებშია აღწერილი.
რაც შეეხება უსაფრთხოების რეჟიმს, მართალია, ჩვენი მანდატური გვყავს, მაგრამ საქართველოს პარლამენტის სასახლეს იცავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ისევე, როგორც სხვა ადმინისტრაციულ შენობებს. ეს დღეები, როდესაც განსაკუთრებით გაძლიერებული რეჟიმია, ამ შენობაში იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. მინდა, მათაც მადლობა გადავუხადო, ვინაიდან ვხედავთ, რომ უზრუნველყვეს ყოფილიყო მშვიდი სამუშაო გარემო, რაც მთავარია, უსაფრთხოება პარლამენტის აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის წევრების. სხვა არავინ აქ არ არის და მე დღესაც მოვისმინე თქვენი განცხადებები, თითქოს აქ არის კონტრტერორისტული სამსახური თუ რაღაც, სუს-ი. არიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები. მადლობა მინდა, გადავუხადო მათ და მინდა, ყველას მოგიწოდოთ პატივი ვცეთ იმ წესრიგს, რომელსაც ვცდილობთ რომ იყოს აქ. მიზანი არის უსაფრთხოება და სამუშაო გარემო. სამწუხაროდ, გუშინაც პარლამენტის წევრების მხრიდან იყო მანდატურების, თუ სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლების მიმართ რაღაც დამუნათება, მორალის კითხვა, გთხოვთ, შეეშვათ ამას, პატივი ვცეთ მუნდირს. ეს ხალხი საქმე საქმეზე თუ მიდგა თქვენს უსაფრთხოებას დაიცავს საკუთარი სიცოცხლის ფასად და პატივი ვცეთ მათ. ყველას მოგიწოდებთ, ცოტა გარედანაც შევხედოთ საკუთარ თავს და რაც ხდებოდა, მაგიდების აყირავება, ძალადობა ვნახეთ. არავის არ სიამოვნებს როდესაც გაძლიერებული უსაფრთხოების რეჟიმია, მაგრამ როდესაც ძალადობა არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული, რა თქმა უნდა, აქ საჭიროა უსაფრთხოების დაცვა. ძალადობა როდესაც არის ქცეული პოლიტიკის ინსტრუმენტად, იქ უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. თუ გსურთ საკითხების განხილვა, დისკუსია, ამისთვის არსებობს შესაბამისი შესაძლებლობები, არ არის საჭირო ხმაური ან ძალადობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.