პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტს არც ამერიკული კანონი აქვს წაკითხული, არც რუსული და არც „ხალხის ძალის“ კანონპროექტი და განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა.
„არ მგონია, პრეზიდენტს ჰქონდეს წაკითხული ან ამერიკული კანონი, ან რუსული, ან ეს კანონპროექტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი არ აქვს წაკითხული და ასე გააკეთ ემოციურ ფონზე ეს განცხადება. მისი უფლებაა, ამაში ჩვენ ვერ შევალთ. პრეზიდენტს არაერთხელ უცდია, რომ შეგვიყვანოს მასთან კინკლაობაში, თუმცა ჩვენ მას კინკლაობაში, რა თქმა უნდა, არ ავყვებით, ეს არ არის ჩვენი მიზანი და ამოცანა.
საერთოდ არ არის კანონპროექტის განხილვა ჯერ დაწყებული და უკვე ვეტოს აცხადებს პრეზიდენტი ისე, რომ შინაარსი არ იცის, რა იქნება მიღებული და წინასწარ აცხადებს ვეტოს, ეს ღიმილის მომგვრელია. თვითონ აცხადებდა საპრეზიდენტო კამპანიის დროს, რომ ის არ იქნებოდა ვეტომდებელი. ასეთი რამ მარგველაშვილსაც კი არ უკადრია, რომ განხილვებიც კი არ არის დაწყებული პარლამენტში და უკვე ვეტოს ადებს იმ კანონს, რომელიც მიღებული არ არის და, საერთოდ, ბუნებაში არ არსებობს. ანუ, კანონი არ არსებობს და არარსებულ კანონს ადებს ვეტოს“, - განაცხადა კობახიძემ.