პარლამენტში უნდა შემოვიდეს 25 ხაბეიშვილი, რომლებსაც ნულოვანი ინტელექტუალური რესურსი აქვთ იმისთვის, რომ ჩაერთონ რაიმეს განხილვაში, გონივრული თქვან სხდომაზე და ა.შ.,- ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩანს რამდენად არათანმიმდევრულია „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი არათანმიმდევრულობა არის მათი სისუსტის შედეგი. ორი დღის წინ მათ გამოეყო ერთ-ერთი ფრაქციის წევრი, შიდა წინააღმდეგობის გამო პარტიიდან გავიდა რომან გოცირიძე. ესეც აჩვენებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და ზოგადად რადიკალური ოპოზიციის სისუსტეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ძალიან კარგი. რაც უფრო მეტად იქნება დაქსაქსული რადიკალური ოპოზიცია, რაც უფრო არათანმიმდევრული იქნება, მით უკეთესი პოლიტიკური პროცესის სწორად განვითარებისთვის. ახლა ისევ შემოვლენ, ვერაფერს მიიღებენ, მერე ისევ გავლენ, იქაც ვერაფერს მიიღებენ, ისევ შემოვლენ და ასე შემდეგ. ვერც ქუჩიდან და ვერც პარლამენტიდან ვერაფერს იღებენ და რატომ?! ქუჩაში მათ ხალხი სჭირდებათ და საზოგადოება მხარს არ უჭერთ. პარასკევს ხაბეს აქცია გაიმართება და ნახავთ რამდენი ადამიანი მივა. პარლამენტში კი მათი ინტელექტუალური რესურსი არის ნულის ტოლი. ეს არის ხაბეიშვილების ფრაქცია, აქ უნდა შემოვიდეს 25 ხაბეიშვილი, რომლებსაც ნულოვანი ინტელექტუალური რესურსი აქვთ იმისთვის, რომ ჩაერთონ რაიმეს განხილვაში, გონივრული თქვან სხდომაზე და ა.შ. ვერც ქუჩაში ხედავენ რესურსს, ვერც პარლამენტში და ამიტომ დარბიან პარლამენტსა და ქუჩას შორის“,- აღნიშნა კობახიძემ.