აუცილებელია, ყველა კონსტრუქციულად იყოს განწყობილი და მოლაპარაკების პროცესში შემოვიდეს არა ულტიმატუმით, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის კანდიდატის შესარჩევად მათ ფართო არჩევანი აქვთ.
„ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ კონკრეტულ კანდიდატებზე, ეს შერჩევადია და ვფიქრობ, ამის შესაძლებლობას თავად კანდიდატების ჩამონათვალი ნამდვილად იძლევა. უბრალოდ, აუცილებელია, ყველა კონსტრუქციულად იყოს განწყობილი და მოლაპარაკების პროცესში შემოვიდეს არა ულტიმატუმით, არამედ მზად იმისთვის, რომ გონივრული გამოსავალი მოიძებნოს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
სახალხო დამცველის ასარჩევად კონსულტაციები გრძელდება. მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ ოპოზიციასთან ერთად შეძლებს საერთო კანდიდატზე შეჯერებას. „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი კრიტერიუმი მიუკერძოებლობაა და ამბობენ, რომ სახალხო დამცველი უნდა იყოს ყველას დამცველი.