სააკაშვილს დანიშნული აქვს სასჯელი: ეგუება ამას და მოსწონს, თუ არა, სამართალი უნდა აღსრულდეს. შესაბამისად, უნდა გაირკვეს, რა არის დიაგნოზი, რა სერვისები ესაჭიროება და ამ სერვისებზე ხელი უნდა მიუწვდებოდეს, მაგრამ თუკი ამ დროს თავად პატიმარი არ არის განწყობილი მკურნალობის მისაღებად... თავიდანვე, როცა შიმშილობა დაიწყო, გარედანაც მოუწოდებდნენ ადამიანები, რომ თუ შიმშილობას შეწყვეტდა, დამთავრდებოდა, როგორც პოლიტიკოსი. ეს არის მოცემულობა: ბევრს უხარია და ბევრი ძალიან ოსტატურად იყენებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების არგუმენტს სრულიად სხვა, პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„არავითარი ჰუმანიტარული, პოლიტიკური და არცერთი სხვა მოტივაციით არ შეიძლება, ხელისუფლებას მოსთხოვო დღეს სასამართლოს მიერ გადასაწყვეტ საკითხთან დაკავშირებით რომ ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება. არ არის ეს სწორი მიდგომა. აზროვნების და მსჯელობის ერთმნიშვნელოვნად სწორი მოდელი არის ის, როდესაც პოლიტიკოსები ექიმებისა და იურისტების შეხედულებებზე დავაფუძნებთ საკუთარ შეხედულებებს და შემდეგ ამის მიხედვით გავაკეთებთ განცხადებებს. ლობისტების მიერ წამოწყებული კამპანიები ძალიან მოკლეფეხებიანი ტყუილი აღმოჩნდება ხოლმე. ასეთი ლობისტური ორგანიზაციების დამაჯერებლობა იკლებს და უავტორიტეტო ხდება საზოგადოებისთვის. რამდენიმე საათიც ვერ გაძლო განცხადებამ, რომ სააკაშვილი მოწამლულია, და აღმოჩნდა, რომ ამას სიმართლესთან არაფერი საერთო არ აქვს. მე, როგორც იურისტს, მაქვს გარკვეული შეხედულება, თუ რამდენად არსებობს სასჯელის გადავადების და პატიმრის გათავისუფლების საფუძველი. მგონია, რომ ამ შემთხვევაში ადვოკატები უფრო მეტად იყენებენ ისეთ არგუმენტებს, რომელიც ნაკლებად სამართლებრივი და ნაკლებად სამედიცინოა. უფრო მეტად პოლიტიკური, ემოციებზე დაფუძნებული მოთხოვნები აქვთ. მიუხედავად ამისა, გვესმის, რომ ეს არის სასამართლოს გადასაწყვეტი და დაე, სასამართლომ გადაწყვიტოს. სააკაშვილს დანიშნული აქვს სასჯელი: ეგუება ამას და მოსწონს, თუ არა, სამართალი უნდა აღსრულდეს. შესაბამისად, უნდა გაირკვეს, რა არის დიაგნოზი, რა სერვისები ესაჭიროება და ამ სერვისებზე ხელი უნდა მიუწვდებოდეს, მაგრამ თუკი ამ დროს თავად პატიმარი არ არის განწყობილი მკურნალობის მისაღებად... თავიდანვე, როცა შიმშილობა დაიწყო, გარედანაც მოუწოდებდნენ ადამიანები, რომ თუ შიმშილობას შეწყვეტდა, დამთავრდებოდა, როგორც პოლიტიკოსი. ეს არის მოცემულობა: ბევრს უხარია და ბევრი ძალიან ოსტატურად იყენებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების არგუმენტს სრულიად სხვა, პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად“, - აცხადებს სარჯველაძე.