შეუფერებლად იქცევა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აპელირებით. რა რეფლექსიაც აქვთ, როგორც პოზიციონირებენ, ეს არის სრულიად სამარცხვინო, სრულიად აბუჩად აგდება, - ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
კაჭკაჭიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებით წინააღმდეგობრივი მესიჯები ვრცელდება. მისივე თქმით, თუ სააკაშვილი მოწამლულია, ეს ნიშნავს იმას, რომ „ჩვენ გავიღვიძეთ პუტინის რუსეთში“.
„სააკაშვილის ფიგურა ჯერჯერობით არ არის მაკონსოლიდირებელი ფიგურა, არც ოპოზიციური სპექტრისთვის და არც ოპოზიციური ამომრჩევლისთვის. თუ კიდევ გაუარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ კრიტიკული მომენტი დადგა მაშინ შეიძლება კონსოლიდაციაზე ვიფიქროთ, მაგრამ ამ ეტაპზე ასე არ არის. ოპოზიციური ამომრჩევლის კონსოლიდაციას ცემენტის სახით არ ყოფნის ვიღაცის შეცოდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამას მხარდაჭერის სხვა რესურსებიც უნდა. შეუფერებლად იქცევა ხელისუფლება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აპელირებით. რა რეფლექსიაც აქვთ, როგორც პოზიციონირებენ ეს არის სრულიად სამარცხვინო, სრულიად აბუჩად აგდებაა.
მეორე მხარესაც უნდა შევხედოთ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებით წინააღმდეგობრივი მესიჯები ვრცელდება, დამაბნეველი მესიჯები. ბოლოს იყო მოწამვლის თემა, რომელიც სერიოზული საკითხია. თუ ის მოწამლულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გავიღვიძეთ პუტინის რუსეთში. ერთ დღეს პრესკონფერენციას ატარებ, რომ მოწამლულია, მერე დღეს დედის პირით ამბობ, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებას არ უკავშირდება. ვფიქრობ, საჭიროა მყარი მესიჯების ჩამოყალიბება, თუნდაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“,- განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ოპოზიციაზე და აღნიშნა, რომ პატარა პარტიებმა, რომელთა მიმართ არსებობს მოლოდინი, რომ ისინი 2024 წლის არჩევნებში ბარიერს ვერ გადალახავენ, გაერთიანებაზე უნდა იფიქრონ.
„ეს არ არის საყოველთაო გაერთიანება, პირიქით საყოველთაო გაერთიანება არის კონტრპროდუქტიული, ის პოლიტიკურ ძალებს აკარგვინებს ამომრჩეველს. ასეთი მაღალი საარჩევნო ბარიერის პირობებში, საერთო ელექტორატის პარტიებმა, საერთო ღირებულების და ხედვების მქონე პარტიებმა უნდა იფიქრონ გაერთიანებაზე. მე მივესალმები იმ სამი {„სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“}პოლიტიკური ძალის გაერთიანებას. ისინი მართლაც თავსებადი პარტიები არიან. ცოტა განცხადებაში არიან ბუნდოვანი. წინმსწრებად უნდა დადო გეგმა, 2024 წლის არჩევნებამდე, რას აპირებ. მათ ეს გეგმა არ აქვთ. მეტიც, გეგმა რომ არ აქვთ, ამით თავს აწონებენ საზოგადოებას. თითქოს, ნახევარფაბრიკატია, რომელიც პროცესში უნდა გამოცხვეს“,- განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.