შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ რადიკალური ოპოზიციის ქმედებები ზოგჯერ პირდაპირ არის მიმართული 12 პუნქტის შესრულების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის თემის წამოწევა არის ფუჭად გასროლილი ვაზნა.
„როგორც კი ევროპამ და ჩვენმა მოსახლეობამ დაინახა და აშკარა გახდა, რომ 12 პუნქტის შესრულება მიდის დაგეგმილი პროცესის მიხედვით, ფაქტობრივად პასუხი გვაქვს ნებისმიერ კითხვაზე, რაც უკავშირდება კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ყველაფერი მოექცა სამართლებრივ ჩარჩოებში. ევროკავშირიდან ჩანს პოზიტიური დინამიკა და მაშინვე შემოდის სრულიად ახალი საკითხი, რაც უკავშირდება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამაში ერთვება ფულით ნაყიდი საერთაშორისო ლობისტური კომპანია. რომლის ამოცანაა, მაქსიმალურად ატეხოს პოლიტიკური ხმაური საზღვარგარეთ, რომ სააკაშვილის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში გახდეს რაღაცნაირად ხელის შემშლელი იმისთვის, რომ დაიკლოს პოლარიზაციამ და დავუახლოვდეთ ევროპას. ეს არის თეთრი ძაფით ნაკერი მცდელობა იმისთვის, რომ გაფუჭდეს საქართველოსა და საქართველოს მთავრობის იმიჯი საზღვარგარეთ. ბუნებრივია, ამ ადამიანებთან საუბარს აზრი არ აქვს, ვინაიდან ისინი პირდაპირ დაქოქილები არიან იმისთვის, რომ პროცესს ხელი შეუშალონ, დააზიანონ ქვეყანა, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ, უცხოელ პარტნიორებთან. მართალი გითხრათ, ვფიქრობ, რომ სააკაშვილის თემის წამოწევა არის ფუჭად გასროლილი ვაზნა, ვინაიდან ძირითადად ეს საკითხი დასავლეთის დედაქალაქებისთვის სრულიად ცხადია. ვფიქრობ, სააკაშვილთან დაკავშირებით, მის ჯანმრთელობასა და პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია ოფიციალური დღის წესრიგიდან მოხსნილია“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.